ანსამბლი “ზღვის შვილები” სიმღერის საერთაშორისო კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელი გახდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის – „ზღვის შვილები“ – აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს სიმღერის საერთაშორისო კონკურსში „Arpeggio – International Singing Competition”.

საერთაშორისო კონკურსი მალტაში 2019 წლის 23-27 მაისს გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლის წევრებმა კარგად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და წარმატებას მიაღწიეს, კერძოდ, მოიპოვეს სხვადასხვა პრიზი საუკეთესო შესრულებისთვის, გრანპრი, კონკურსის 1-ლი და მე-2 საპრიზო ადგილები, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით ანსამბლი მიიწვიეს სიმღერის საერთაშორისო კონკურსებზე გერმანიაში, უნგრეთში, ესტონეთში, იტალიასა და ლატვიაში.

ანსამბლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსში ანსამბლის წევრების მონაწილეობამ ხელი შეუწყო ახალგაზრდა შემსრულებლების შემოქმედებით ზრდას, გამოცდილების გაღრმავებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას.

წარმოდგენილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ – გათვალისწინებული „მობილობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.

Comments
Loading...