“არც ჭორების მოსასმენად მცალია, არც მათზე რეაგირებისთვის” – ინტერვიუ თელავის მერთან

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ,,აიპრესთან,, ინტერვიუში მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს და მის მიერ შესაძლო თანამდებობის დატოვების ირგვლივ გავრცელებულ მითქმა-მოთქმას ეხმაურება.

ასევე საუბრობს მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის თელავის, ნადიკვრის პარკისა და სტადიონის რეაბილიტაციაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის და პარკირების საკითხზე, წყალმომარაგების პროექტის დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მერის თქმით, არც თანამდებობას ტოვებს და არც გავრცელებულ ჭორებზე რეაგირებისთვის სცალია.

ნარეკლიშილი ამბობს, რომ მინდინარე წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული და ტურიზმის მიმართულებებია.

-დაახლოებით ორი თვის წინ, თანამდებობა დატოვა თქვენმა მოადგილემ, ალექსანდრე საჩიშვილმა. მიზეზად დასახელდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულებულა, თანამდებობა დატოვეს ასევე კიდევ ორმა მოადგილემ და ოთხი სამსახურის უფროსმა, რატომ ატარებთ საკადრო ცვლილებებს და ხომ არ შეეხება მერიაში მიმდინარე ,,წმენდა,, რიგით თანამშრომლებსაც?

-ალექსანდრე საჩიშვილს იანვრიდან დაწყებული უკვე ჰქონდა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და სადღაც ორი თვის განმავლობაში მას ფაქტიურად არ უწევდა სამსახურში ყოფნა და დღის წესრიგში დადგა, რომ სამკურნალოდ უნდა წასულიყო საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ის ვერ ასრულებდა თავისზე დაკისრებულ ფუნქციებს და ჩვენ პირად საუბრებში გამოთქვა სურვილი, რომ ის დატოვებდა თანამდებობას, რათა მიეხედა ჯანმრთელობისთვის. ეს იყო დაახლოებით მარტის თვე, შემდეგ უკვე სადღაც ათი დღის უკან, ჩემმა მეორე მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა დატოვა თანამდებობა, მას რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა სურვილი, გადაენაცვლა კერძო სექტორში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი პროექტები იყო თელავის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, გიგა კურირებდა ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, ამიტომ ჩემი თხოვნა იყო მის მიმართ, რომ დარჩენილიყო.

მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გასულ წელს, ოქტომბერში თუ ნომებერში მომმართა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუმცა ჩემი თხოვნის შემდეგ დარჩა სამსახურში და ეს პერიოდი ჩვენ ის გვეხმარებოდა, და ასევე იყო გიგას შემთხვევაშიც, რომ ჩემი თხოვნიდან გამომდინარე, ის გარკვეული პერიოდი გაჩერდა, გარკვეული პროექტები, რთული პერიოდი ერთად გადავაგორეთ და შემდეგ უკვე მოხდა მისი წასვლა თანამდებობიდან. რაც შეეხება სამსახურის ხელმძღვანელებს, ერთმა გადაინაცვლა მერიისვე სტრუქტურაში და აუდიტის სამსახურის ხელმძღავნელმაც გამოთქვა სურვილი თანამდებობიდან წასვლის. ერთი თვის წინ სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელი იყო მაშინ დავით ბეგიაშვილი, მან გადმოინაცვლა ჩემ მოადგილედ, ხოლო დაახლოებით ერთი კვირის წინ გიგა თუშიშვილის წასვლის შემდეგ დაინიშნა ჩემ პირველ მოადგილედ.

-და რიგით თანამშრომლებზე არ გავრცელდება ეს პროცესი?

– არა, პროცესში მე ვერ ვხვდები რას გულისხმობთ, საკადრო ცვლილებები მათი განცხადებების საფუძველზე განხორციელდა. თუ იქნება რაიმე გადაწყვეტილება მისაღები რომელიმე თანამშრომლის მიმართ, ინდივიდუალურად მისი საქმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას მივიღებთ. თუმცა ამას აქვს გარკვეული წინაპირობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომელმა ვერ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

-საპრეზიდენტო არჩევნები რომ გავიხსენოთ, სალომე ზურაბიშვილმა თელავში საკმაოდ დაბალი პროცენტი მიიღო, რითიც დამეთანხმებით, ,,ქართული ოცნება,, კმაყოფილი ნამდვილად არ იქნებოდა. მას შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია თქვენი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

– ჭორებს ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას, სიმართლე გითხრათ, იმდენი საქმე მაქვს ჭორების მოსასმენად არ მცალია, არც ამ ჭორებზე მერე რეაგირებისთვის. რა თქმა უნდა, ვრცელდებოდა გარკვეული მედია საშუალებებით ასეთი ინფორმაცია, თუმცა მე ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია. იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა და მე მაშინვე გავაკეთე კომენტარი, რომ მე არ ვაპირებდი წასვლას და ვრჩებოდი ჩემ პოზიციაზე.

– ანუ არც საკადრო ცვლილებები არ არის თქვენი თანამდებობიდან წასვლის წინაპირობა?

ახლანდელ საკადრო ცვილებებს გულისხმობთ? წარმოიდგინეთ, თუ არის ახლა იმაზე საუბარი რომ მე უნდა წავიდე, მაშინ არც საკადრო ცვლილებები არ მოხდებოდა მაშინ.

-რა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თქვენი მერად არჩევიდან დღემდე, თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად?

წელს ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურული მიმართულება. ისევ როგორც შარშან, წელსაც თანხები როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე რეგფონდებიდან გამოყოფილი იხარჯება ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთლიანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წყალმომარაგების ქსელების მოწესრიგება, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოწესრიგება, სკვერების მოწყობა – მოწესრიგება ანუ ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები გაიშალოს.

მაგალითად, გზების მოწესრიგება, სადაც 40 წელია არ ყოფილა საერთოდ ასფალტ-ბეტონის საფარი და იქ გაკეთდა გზა, ესეთი იყო როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ახალი მინისტადიონები სოფლებში ვარდისუბანსა და კისისხევში მოვაწყვეთ. წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია სოფლებში, სადაც მოსახლეობას საერთოდ არ მიეწოდებოდა წყალი, 10 სოფელი მაინც ისეთი ასეთი, გარკვეული უბნები. ამ უბნებში სასმელი წყლის ქსელის სრული რეაბილიტაცია მოხდა და დღეს ეს მოსახლოებას იღებს უკვე წყალს, წელსაც გაზრდილია ამ მხრივ დაფინანსება. ასევე დაგეგმილი გავქვს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე ტრენაჟორების მოწყობა, რომელიც განთავსება როგორც თელავში, ასევე სოფლებშიც. ეს იქნება ერთგვარი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან.

წელს განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხორციელდება დაის პროექტები, რომლებიც ამ სოფლებში განხორციელდება მოსახლეობის გადაწყვეტილებით არის შერჩეული. მნიშვნელობა მინდა ავხსნა ამ პროექტის, მთავრობის გადაწყვეტილება იყო და ამ პროექტმა მე ვფიქრობ, რომ გაამართლა. უშუალოდ მოსახლოების ჩართულობა ხდება გადაწყვეტილების მიღებაში თუ რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ამ ინფორმაციის გამტარი.

– სტიქიის შემდეგ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, თუ მოგვარდა პრობლემა და მიეწოდება თუ არა მოსახლოებას სასმელი წყალი?

სტიქიამ, რომელიც 10 მაისს მოხდა, საკმაოდ დააზიანა ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე წყალმომარაგების მიმართულებით და ოთხი სოფელი თითქმის დარჩა უწყლოდ. ჩვენ დავიწყეთ ამ სოფლების წყლით მომარაგება, ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა წყალმომარაგების კომპანია, ასევე კერძო კომპანიას ვთხოვეთ ჩვენ დახმარება.

და დახმარება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ წყლის ცისტერნები, რათა მოსახლეობისთვის მომხდარიყო სასმელი წყლის დარიგება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსასყიდლოდ სამხედრო პირების დახმარებით დილიდან გვიან ღამემდე ხდებოდა მოსახლეობის წყლით მომარაგება.
თავდაპირველად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა წყლის სათავე ნაგებობებამდე მისვლა პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა ჩვენ როდესაც მოგვეცა საშუალება რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა, მოვაგვარეთ უკვე ეტაპობრივად და მინდა გითხრათ, რომ დღეს მხოლოდ ფშაველში რჩება ორ უბანში გარკვეული პრობლემები, რომელსაც უმოკლეს დროში მოვაგვარებთ.

-რაც შეეხება თელავის რეაბილიტაციას, თქვენ ცოტა ხნის წინ ,,აიპრესთან,, კომენტარისას აღნიშნეთ, რომ ქალაქს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა ტერიტორიას მოიცავს, და რა კრიტერიუმებით შეირჩევა ის ადგილები, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდება?

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია მომავალ წელს თელავის ტურისტული მიმართულებით გარკვეული სიახლეები, რეაბილიტაცია, ახალი ადგილების მოწყობა. უკვე შერჩეულია, გამარჯვებულია კომპანია, რომელიც მუშაობს პროექტირებაზე და ჩვენ ზუსტად ამ კვირის განმავლობაში გვექნება პირველი შეხვედრა მთლიანად კონცეფციას განვიხილავთ და დეტალებზე უკვე შემდგომში გადავალთ.

გათვლილი იქნება არამხოლოდ ცენტრალურ ნაწილზე, ეს იქნება ტურისტული მიმართულებით გარკვეული მარშრუტის დაგეგმვა, დეტალებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით პროექტი არ არსებობს, მიმდინარეობს წინასამუშაო შეხვედრები.

– რებილიტაციაზე საუბრისას ასევე უნდა გკითხოთ ნადიკვრის პარკთან დაკავშირებითაც. როგორც თქვენ აღნიშნეთ რამდენიმე თვის წინ ,,აიპრესთან,, საუბარში, იგეგმებოდა ნადიკვრის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც სეზონის დაწყებამდე ანუ 1 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშოები არათუ დასრულდა, არც დაწყებულა, რატომ შეფერხდა პროექტი,რა არის ამის მიზეზი?

ჩვენ ეს პროექტი გავყავით ორად. საპროექტო კომპანიის მხრიდან პროექტირების დროს იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული და მოხდა ამის ცვლილება, აქედან გამომდინარე ამან გამოიწვია დროში გაწელვა. ორ პროექტად გვაქვს რეაბილიტაცია.

რაც შეეხება სცენის გადახურვას, გადახურვის პროექტი მოსულია უკვე და საკრებულოზე ასახვის შემდეგ უკვე გამოცხადდება სამუშაოებზე ტენდერი. რაც შეეხება დანარჩენი ტერიტორიის კეთილმოწყობას, გადასახედების, ე.წ. ,,ბესედკების,, აღდგენას, პირველი ტენდერი სამწუხაროდ არ შედგა, ჩვენ ახლა ვიკვლევთ მიზეზებს, თუ რატომ მოხდა ამ პროექტის ჩაშლა, თუმცა როდესაც გვეცოდინება ზუსტი მიზეზები, ჩვენ ხელახლა გამოვაცხადებთ ტენდერს.

ჩვენ გვინდა ინ ძველი ეშმაკის ბორბალის დემონტაჟი მოვახდინოთ,და მის ნაცვლად არსებულ სივრცეში გვინდა ატრაქციონის დამატება,ეს იქნება უკვე მომავალ წელს.

– დამეთანხმებით, თელავის მუნიციპალიტეტს, თელავს აქვს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი, რას აკეთებს მერია ამ მიმართულებით, როგორ მუშაობთ, რომ მოხდეს მეტი ტურისტის მოზიდვა, ვგულისხმობ სარეკლამო კამპანიებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ა.შ.

თელავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით და ასევე კახეთის სხვა დანარჩენი შვიდი მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნდა რეგიონალური ორგანიზაცია DMO visit Georgia, რომელიც აერთიანებს ყველა მუნიციპალიტეტს, ის მუშაობს მთლიანად ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციაზე საზღვარგარეთ. ეს არის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად შექმნილი ორგანიზაცია, გარკვეული საერთაშორისო გამოცდილების მქონე ორგანიზაციებიც გვეხმარებიან ჩვენ ამ კუთხით, მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა შედეგს გამოიღებს.
30 მაისს წინანდალში ჩატარდა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მწარმოებლებიც. გარკვეული სიახლეები ამ მიმართულებითაც გვაქვს, არის გარკვეული წინადადებები. რამდენიმე მიმართულებით იყო ჩვენი მხრიდან საინვესტიციო წინადადებები მათ შორის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი და სამივე მიმართულებით მთლიანად რეგიონის მასშტაბით დიდი დაინტერესება გამოითქვა. მე დიდი იმედი მაქვს ,რომ ეს ფორუმი თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მონაწილეობას, თუნდაც ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს ერთგვარი შემადგენელი ნაწილია ტურიზმის მოზიდვის ხელშეწყობის.

– მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით რა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება?

როგორც უკვე აღვნიშნე, პრიორიტეტი არის ჩვენი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული მიმართულება, ზოგი პროექტი დასრულდა, ზოგი კი მიმდინარეობს, მაგალითად გზების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის ქსელის მოწყობა – რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ასევე გვაქვს მინი სტადიონები. თელავში გეგმაში გვაქვს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია ჭავჭავაძის გამზირზე და ქეთევან წამებულის ქუჩაზე.
შემდეგ კვირას უკვე გამოცხადდება ტენდერი სამუშაოებზე და შემდეგ უკვე გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას ამ მიმართულებითაც.

როგორც უკვე ვახსენე, გარე ტრენაჟორების მოეწყობა, სამი-ოთხი ლოკაციაა ქალაქში და დანარჩენი სოფლებში მოეწყობა.

თელავში იგეგმება ალაზნის გამზირის და კავკასიონის შუაში მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლებელია სპორტის სასახლესთან მოხდეს დამონტაჟება, ასევე ერთი ლოკაცია იქნება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და დანარჩენი ორი ლოკაცია დამუშავების პროცესშია, ალბათ შეირჩევა ყველაზე ხალხმრავალი ადგილები. ამ პროექტის გაგრძელებას მომავალ წელსაც ვაპირებთ.

– ინტერვიუს ჩაწერის პროცესში არაერთხელ ახსენეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. რაც შეეხება თელავის ცენტრალურ სტადიონს, მოუწესრიგებელია ტრიბუნები, ინფრასტრუქტურა, ამ კუთხით თუ მუშაობს მერია და როდის დავინახავთ შედეგს?

ტენდერი ჩატარებულია, საპროექტო კომპანია შერჩეულია, მიმდინარეობს უკვე პროექტირება ახალი სტადიონის მოწყობის, ზუსტად ხვალ ჩამოდიან სპეციალისტები და საპროექტოს წარმომადგენლები და დეტალებზე იქნება შეხვედრაზე საუბარი.

ეს იქნება საკმაოდ მასშტაბური პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამწუხაროდ შესაძლოა რომ სრულად ვერ დაფინანსდეს, თუმცა იმედი გვაქვს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანადაფინანსების.

– სტადიონის მიმდებარედ , გიგოს გორაზე მწვანე საფარი თითქმის მთლიანად გახმა, როდის გეგმავთ ტერიტორიის გამწვავებას?

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს გაზაფხულზე ჩვენ ვთხოვეთ დახმარება ნიადაგის შესწავლასთან დაკავშირებით, ვინაიდან სანამ დავიწყებდით გამწვანების სამუშაოებს, გვინდოდა გვქონოდა გარკვეული დასკვნა, რამდენად ჯანმრთელია ნიადაგი ამ ადგილას. ეს პროცესი 2012 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ დაიწყო და გრძელდება ამ დრომდე. ჩვენ მივიღეთ დასკვნა, რომ ნიადაგი არ არის დაზიანებული, თუმცა როდესაც დასკვნა მივიღეთ,ის პერიოდი არახელსაყრელი იყო უკვე გამწვანების სამუშაოებისთვის და ახალი ნარგავების დარგვას საშემოდგომოდ ვგეგმავთ, არამხოლოდ გიგოს გორაზე, საუბარია ასევე კოლეჯის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე და მშვიდობის ქუჩის დასაწყისზე.

– საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ არ აქვს თელავს ამ დრომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს რაღაც სახით ამ დაპირებას შევასრულებთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება, პროექტი არის ხელისუფლების მიერ წამოწყებული. მთლიანად გლობალურად განიხილება საქართველოს მასშტაბით სხვადახვა მუნიციპალიტეტები, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტზეა საუბარი და ერთ-ერთი არის თელავის მუნიციპალიტეტი.

– საპარკინგე ადგილების დეფიციტია თელავში, მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ პროტესტს, რომ ქალაქის ყველა საკვანძო ტერიტორიაზე კერძო ტაქსებია განლაგებული, თუ იგეგმება დამატებით პარკინგის მოწყობა?

მუნიციპალური ტრანსპორტი გარკვეულწილად მოაწესრიგებს ამ პრობლემას. დღეს ვინაიდან არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დგას ამ კერძო ტაქსების აუცილებლობის საკითხი. თუმცა დამიჯერეთ, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვა და იმოძრავებს, თავისთავად თავისთავად მოწესრიგდება ეს სფერო და პარკინგის პრობლემა, რომელიც არსებობს გადატვირთულ მონაკვეთებზე, ბაზრის და ერეკლე მეორის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე, რამოდენიმე ლოკაციაზე, ეს პრობლემა თავისთავად ნელნელა გადაწყდება.

– მერიამ გასულ წელს თანხა გამოყო მაწანაწალა ძაღლების დამუშავების, სტერილიზაციის და კასტრაციის პროგრამის დაფინასების მიზნით, წელსაც თუ გაგრძელდება აღნიშნული პროექტი?

გასულ წელს ჩატარდა ტენდერი, გაიმარჯვა დასავლეთ საქართველოდან კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა ძაღლების დამუშავება, სტერილიზაცია, კასტრაცია და დაჩიპვა და 86 ძაღლს ჩაუტარდა ეს პროცედურა.
წელს პროგრამის გაგრძელების მიზნით ისევ გამოვყავით თანხა და ტენდერს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ.
15 000 ლარია გამოყოფილი, გასულ წელსაც ამ თანხაზე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული და წელსაც ასე ვაპირებთ.

რაც შეეხება თავშესაფარს, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი, ტერიტორია შერჩეულია, პროექტი მე როგორც ვიცი უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი გამოცხადდება.

– და ბოლოს, როდის დასრულდება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი და რამდენ ხანში დაინახავს თელავის მოსახლეობა პროექტის რეალურ შედეგს?

ეს თელავისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, თუმცა ახლა შედარებით გამოსწორებულია ჭარბი ნალექიდან გამომდინარე. მეორე ეტაპის დასაწყებად, პროექტი დასრულებულია, კომპანია გამოვლენილია, დაიწყება უახლოეს პერიოდში ქსელის სრული რეაბილიტაცია და ამ პროექტის დასრულების შემდგომ უკვე მოხდება თელავის 24 საათიანი წყალმომარაგება, 2 წელია პროექტსი დანხორციელების და დასრულების მიახლოებითი ვადა.
ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიწყებთ ქალაქში იმ დაზიანებული ქუჩების რეაბლიტაციას, რომელსაც აქამდე ევრ ვახერხებთ მეორე ეტაპის წყლის ქსელების ამოცვლის გარეშე.

ავტორი: ნათია ნანაშვილი

Comments
Loading...