აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნის პროგრამის ფარგლებში ორი წიგნი დაბეჭდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის/ბეჭდვის პროგრამით 2018 წელს დაბეჭდა შემდეგი ორი ლიტერატურა:

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის დონოვან დ. რიპკემას წიგნი „Economics of Historic Preservation” (მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა).

დონოვან რიპკემა აღიარებული სპეციალისტია მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკის სფეროში. იგი ფართო საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა მემკვიდრეობის ეკონომიკის სფეროში, რაც ძირითადად მოიცავს რეაბილიტაციას, თემის განვითარებას და კომერციულ რევიტალიზაციას. ის სპეციალურ კურსებსა და ვორკშოფებს ატარებს სახელმწიფო მოხელეების, რეგიონალური განვითარების, ინფრასტრუქტურის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლებისთვის, არქიტექტორებისთვის, საბანკო თუ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ძეგლთა დაცვის სპეციალისტებისა და ურბანისტებისთვის.

წიგნში ჩამოყალიბებულია კონკრეტული მაგალითების პროცენტულ მაჩვენებლებზე და ციფრებზე დაფუძნებული არგუმენტები და მტკიცებულებები იმისა, რომ მემკვიდრეობის დაცვა ქმნის სამუშაო ადგილებს. განხილულია ისეთი საკითხები როგორიაცაა: ისტორიული კონსერვაცია როგორც ეკონომიკური განვითარება; კონსერვაციის ეკონომიკა, როგორც საჯარო პოლიტიკა; კონსერვაციის ეკონომიკა საცხოვრისის მშენებლობისა და უბნის განვითარების კუთხით; ისტორიული კონსერვაცია, როგორც 21-ე საუკუნის ეკონომიკა და ა.შ.

ნორვეგიელი ანთროპოლოგის, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორის თომას ჰილანდ ერიქსენის წიგნი „SMALL PLACES, LARGE ISSUES” (მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები).

წიგნი მომზადებულია, როგორც ავტორის, ასევე თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი მკვლევარების გამოცდილების გათვალისწინებით და აქტიურად გამოიყენება ევროპის უნივერსიტეტებში ანთროპოლოგიის სპეციალობის მიმართულებით. სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ საკითხებს: საგნის ისტორია და თეორიული საფუძვლები, საველე მუშაობის მეთოდოლოგია და ეთნოგრაფია, ლოკალური ორგანიზაციები, პიროვნება და საზოგადოება, ნათესაობა და მემკვიდრეობა, ქორწინება, გენდერი, პოლიტიკა და ძალაუფლება, რელიგია და რიტუალი და ა.შ.
მიმდინარე წლისთვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს 2018 წელს საკონკურსო წესით შერჩეული სამი ახალი ლიტერატურის თარგმნა. ეს გახლავთ ჯონ და დეივიდ ქრესველის წიგნი – „კვლევის მეთოდები: თვისებრივი, რაოდენობრივი და შერეული კვლევის მეთოდები“, ასევე მარტინ დემანტ ფრედერიქსენის წიგნი – „ახალგაზრდები, დრო და მოწყენილობა საქართველოს რესპუბლიკაში“ და სინთია ფრილენდი – „არის კი ეს ხელოვნება“?
აღნიშნული პროგრამით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტით აცხადებს უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის/ბეჭდვის კომპონენტის ფარგლებში კონკურსს.

კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე. კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ივნისი.

Comments
Loading...