აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა“ შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.

პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 1,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელდა. შეიქმნა ეროვნული პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი სოფლების 3 ათასი მცხოვრების სოციალური და ეკონომიკური ინტერესები.

მაჭახელას ხეობაში დაიწყო განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა. მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი. რამდენიმე ოჯახმა გაირა ტრენინგი ტურისტული ბიზნესის საკითხებში და მიიღო საწყისი დახმარება საოჯახო სასტუმროების გასახსნელად.

პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა. გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს განხორციელებული სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და რეკომენდაციებზე.

Comments
Loading...