ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის პრევენციისთვის კარანტინი გამოცხადდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეიდან მნახველების შესვლა შეზღუდულია. მიზეზი საავადმყოფოში გამოცხადებული კარანტინია, რაც გრიპის ვირუსის მაშტაბების ზრდამ გამოიწვია. კლინიკაში ამ ეტაპზე გრიპის ვირუსით 26 ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 ბავშვია, სამი კი ფეხმძიმე ქალი.

“24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ სხვა დროსაც, თუმცა დაემატა ცვლის ექიმი და ერთის ნაცვლად ორი ექიმი მორიგეობს ამ პერიოდში.

ამბულატორიულ კომპონენტში მომართვიანობა ძალიან გაზრდილია, კარანტინის მოხსნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, როცა გრიპი უკან დაიხევს” – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი აცხადებენ, რომ აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა დღე-ღამის განმავლობაში 200-ზე მეტია, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით ვირუსის მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს არ აღწევს და ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ანტივირუსული პრეპარატის ,,ტამიფლუს“ გარკვეულ სეგმენტზე უფასოდ გაცემის პროცესი.

,, 100 000 მოქალაქიდან 450-500 მოქალაქემდე უნდა დაიმფიცირდეს, საგანგაშო მდგომარეობა ან ეპიდემია, რომ გამოცხადდეს. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს, ის ამ ეტაპზე 57-მა პაციენტმა მიიღო. აღნიშნული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემა ორსულებს, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. ასევე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსით ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაში 4 ადამიანი გარდაიცვალა.

Comments
Loading...