ბათუმის მერიის წინააღმდეგ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა 12 ივნისამდე გადაიდო

ბათუმის მერიის წინააღმდეგ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული რამდენჯერმე გადადებული პროცესი დღეს მხარეთა პაექრობის შემდეგ 12 ივნისამდე ისევ გადაიდო. მოსამართლემ ერთი თვის წინ პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ დავა მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო, რაც მერიის წარმომადგენელმა მოითხოვა, თუმცა დღემდე მერიას მუსლიმ თემთან შეხვედრა ამ თემაზე არ გაუმართავს.

“მე ჩემს თავს ვთვლი დაჩაგრულად, სახელმწიფომ ვერ შეძლო შეხვედრის გამართვა, რომ მეჩეთის მშენებლობაზე გვესაუბრა. სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმ თემთან არის დისკრიმინაციული. მიკვირს რატომ არ შეიძლება საინიციტავო ჯგუფთან საუბარი? მაშინ, როცა სასამართლოში საკუთარ მიწის ნაკვეთზე ვსაუბრობთ, პარალელურად ჩვენი მიწის მიმდებარედ 8 ეკლესია მდებარეობს, სად ვეძებო სამართალი და ვის ველაპარაკოთ? “-მიმართა მოსამართლეს მუსლიმი თემის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კი განაცხადა, რომ სასამართლოს მოწოდება მხარეებს დიალოგის გზით გადაეჭრათ პრობლემა, მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო, რადგან გასაჩივრებულია მშენებლობის ნებართვის მიღების მხოლოდ პირველი ეტაპი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მომდევნო ორი ეტაპის გავლა მუსლიმ თემს ისევ მერიასთან მოუწევს.

ბათუმში მეორე მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. 2017 წელს კი მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა ბათუმის მერიამ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის უფლება არ მისცა, რის გამოც სასამართლო დავა დაიწყო.

Comments
Loading...