ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ბინები აშენდება

მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქის საკითხი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით გადაწყდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და არ ვზოგავთ ძალისხმევას.

სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას. მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ

ახალი პროექტი ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. თითოეული მოქალაქის საკითხის ინდივიდუალური შესწავლა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ხორციელდება. ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და გადაწყვეტილებებს სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით მიიღებს.

პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს.

გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.

Comments
Loading...