ბათუმში, კარბამიდის ტერმინალი აშენდება

კარბამიდის ტერმინალთან დაკავშირებით გაიმართა საჯარო შეხვედრები. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ქალაქ ბათუმის მერიამ დოკუმენტაცია გადააგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საიდანაც მერიამ მიიღო წერილობითი პასუხი, რომ მსგავსი ტიპის მშენებლობას არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაც ასახულია სკრინინგის ბრძანებაში.

საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი და გაცილებით უფრო მასშტაბური ტერმინალები წარმოდგენილია მსოფლიოს ბევრ ტურისტულ თუ საპორტო ქალაქში. გარდა ამისა, კომპანიამ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ისაუბრეს იმ მაღალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება ტერმინალის მშენებლობის პროცესში. დასტურდება, რომ კარბამიდის ტერმინალი ქალაქს არ უქმნის არანაირ საფრთხეს.

ამავე დროს, კარბამიდის ტერმინალი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტს, რომელიც სერიოზული ტვირთბრუნვის გარანტორია ბათუმის პორტისათვის. კარბამიდის ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში მილიონ 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებასაც შეძლებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია ერთ-ერთი წამყვანი, აშშ-ის პირველ ასეულში მყოფი კომპანიის მინაწილეობა ამ პროექტში.

აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება მიღებულია და ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა გაიცემა.

ამასთანავე, კომპანია მიესალმება საზოგადოების მრიდან კონტროლის მექანიზმებში მონაწილეობას და მზად არის გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა მონიტორინგის მისიებში. ბათუმის მერიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია მედიატორობის გაწევა.

Comments
Loading...