ბათუმში საკონდიტრო მაღაზია “ბალუ” მესამედ გაქურდეს

მესამე შემთხვევა გუშინ გვიან ღამით წერეთლის ქუჩაზე მოხდა. გატეხილია კარი და წაღებულია თანხა. მეპატრონე სამართალდამცველებს უმოქმედობაში, გულგრილობასა და უხეშობაში ადანაშუალებს.

“არ არის დიდი თანხა წაღებული, თუმცა უკვე მესამედ გვიწევს მინის კარის გამოცვლა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. გვაქვს დაუცველობის შეგრძნება, სამართალდამცველები მოვიდნენ, თუმცა არაადეკვატურად მოგვექცნენ. დაგვემუქრნენ, რომ ხმაური ავტეხეთ ჯარიმას დაგვიწერდნენ. იძულებული გავხდით დაგვერეკა გენერალურ ინსპექციაში, წინა შემთხვევაში არ გვაცნობეს, რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს, მხოლოდ გვითხრეს, რომ თურმე საქმე სასამართლოს გადასცეს”-აცხადებს მეპატრონის და ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით მაღაზიის მეპატრონემ ქურდობის ფაქტზე მხოლოდ ორჯერ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას, მათ შორის პირველი შემთხვევა უწყების განმარტებით გახსნილია და დამნაშავე არასრულწლოვანია. დღევანდელ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით არის აღძრული და უკვე იდენტიფიცირებულია დამნაშავე. პარალელურად საკონდიტროს მეპატრონეების მხრიდან გენერალურ ინსპექციაში შესული ზარის საფუძველზეც მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესწავლის ფაქტიც.

Comments
Loading...