გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “განათლება მდგრადი განვითარებისთვის” – სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სტრატეგიის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის” სრულყოფისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მიმართეს.
“განათლება მდგრადი განვითარებისათვის” სტრატეგიის მიზანი, განათლების სექტორში განხორციელებული ცვლილებებით, ქვეყანაში მდგრადი განვითარების პროცესების ხელშეწყობაა, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ექნება მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი ცოდნა და უნარი.

სტრატეგიით განსაზღვრული ცვლილებების სისტემურობისა და ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია მისი დანერგვა სწავლების ყველა საფეხურზე. სწორედ ამიტომ სტრატეგია მოიცავს სწავლების საფეხურს სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლეს განათლებამდე. მისი ქმედებები გათვლილია არა მხოლოდ სწავლების პროგრამულ მხარეზე, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და განმანათლებელთა შესაძლებლობების განვითარებაზე.
“სწავლების ყველა საფეხურზე მდგრადი განვითარების საკითხების სრულფასოვანი დანერგვა და საჭირო უნარების განვითარება სხვადასხვა უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი.”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიის სამუშაო შეხვედრებში აქტიური თანამონაწილეობა სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებებშიც გაგრძელდება.
ეროვნული სტრატეგია განათლება მდგრადი განვითარებისთვის, გარემოსდცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იქმნება და მისი შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან როგორ საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები.

Comments
Loading...