გიორგი შენგელიას შტაბი: ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ მიზნით მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი ჩამოიყვანეს. მანვე ისაუბრა გუშინ, 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარმოადგინეს.

კერძოდ, მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია “მიუვარდა” ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. ჩიქოვანის განმარტებით, არ შეუშვეს იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. კადრებში მათ შორის ჩანან კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.

შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციის მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმა რეალურად არ იციან, თუ რა ღირებულებებით ცხოვრობს ზუგდიდი.

“ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. “ნაცმოძრაობა” ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს. ამიტომ, მათი მიზანია არეულობა”, – განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მათ პატივი უნდა სცენ მოსახლეობას, რადგან ნებისმიერი პროვოკაცია ხალხისთვის მძიმეა. ამიტომ, მოუწოდა მოქალაქეებს, ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტიის, თუ ოპოზიციისგან იქნება ის, სამართალდამცველებს მიმართონ.

“ქართული ოცნების” ბრალდებებს უპასუხეს სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში.საარჩევნო შტაბის განცხადებით, კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ ბრიფინგზე გაავრცელა, დამონტაჟებულია. შტაბის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის თქმით, მათ სოფელ ჯიხაშკარში ჩვეულებრივი საარჩევნო შეხვედრა ჰქონდათ კარდაკარის პრინციპით, რა დროსაც ძმები ზარანდიები “გამოვარდნენ” და დაიწყეს მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, მისი სიტყვების დასამოწმებლად არსებობს დაუმონტაჟებელი კადრები, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს.

“ოცნებამ” იცის, რომ წაგებული აქვს და პროვოკაციაზე გადმოდიანო. არავინ არავისთან არ შეჭრილა. ისინი აყენებდნენ ფიზიკურ დაპირისპირებას ქალებსაც კი და მას მერე ჩავერიეთ. შამახია იქ სიტუაციის განტვირთვის მიზნით შევიდა”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

Comments
Loading...