გიორგი შენგელია: ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება გუშინ სცნო. სწორედ ამის შემდეგ შეუდგა შენგელია ოფიციალურად მერის მოვალეობის შესრულებას. N 67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 30 მაისს შეაჯამა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 54.18 პროცენტით გაიმარჯვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმათა 42.48% აიღო.

„აიპრესთან“ საუბრისას გიორგი შენგელია აცხადებს, რომ ზუგიდიდ მერობა მისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა:

„რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ზუგდიდის მერი და მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას ჩემი ზუგდიდელების წინაშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ 30 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღმითქვა და იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს. ის სამუშაოები რაც ზუგდიდში მიმდინარეობს აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად. ჩემთვის მთავარი თითოეული ზუგდიდელის ინტერესის გათვალისწინებაა.

თქვენთვის მთავარი პრიორიტეტი რა არის და რის შეცვლას აპირებთ ?

ჩემი მერად საქმიანობის პერიოდში, მთავარი საზრუნავი იქნება მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. პრიორიტეტი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საჭიროების მიხედვით. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას და ეს პროცესი იქნება მზარდი. წელს მთავრობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 50 მილიონ ლარზე მეტი გამოყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მოხდება ქალაქის 10 გზის რეაბილიტაცია, 16 სოფლის გზის და 100 მეტი ქუჩის განახლება. მოგეხსენებათ, ანაკლია-განმუხურში მიმდინარეობს სეზონისთვის მზადება, როსთვისაც 6 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ახალგაზრდებს ექნებათ სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით იცხოვრონ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი სივრცეები. მთავრობის ხელშეწყობით, ვიმუშავებთ იმაზე, რომ გაგრძელდეს კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. და რაც მთავარია, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.

იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები ზუგდიდის მერიაში ?

იგეგმება გარკვეული სახის ცვლილებები, ყველაფერი იქნება დაბალანსებულად. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და გამოცდილება, რითაც მოხდება პირველ რიგში, გუნდის შერჩევა. გუნდი, რა თქმა უნდა, იქნება გადახალისებული და უშუალოდ საქმეზე ორიენტირებული. მე დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდით იქნება, ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ ზუგდიდისთვის.

როგორ შეაფასებთ წინამორბედის საქმიანობას ?

მთავარი შემფასებელი არის ხალხი. წინამორბედისა და ჩემს საქმიანობას შეაფასებენ ზუგდიდელები.

Comments
Loading...