გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა

შალვა კერესელიძე გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის „გუდაურის მთის“ დეპარტამენტის უფროსთან ნიკო ჩქარეულთან ერთად, გუდაურში საზაფხულო სეზონის მიმდინარეობას გაეცნო.

მიმდინარე წელს ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისს გაიხსნა და უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩამოსულ ტურისტებს განტვირთვისა და უსაფრთხო დასვენებისთვის ყველა შესაბამისი პირობა აქვთ შექმნილი. დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ საბაგირო ტრასებით გადაადგილდნენ და კობისა და გუდაურის ულამაზესი ხედები დაათვალიერონ, მოაწყონ საცხენოსნო, ველო და კვადრო ტურები, ისარგებლონ პარაპლანისტების მომსახურებით.

„გუდაური ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარული ადგილი ხდება, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. კურორტმა ზამთრის სეზონზე 400 000 – ზე მეტი დამსვენებელი მიიღო და მათ ღირსეული მასპინძლობა გაუწია. მჯერა, ზაფხულის სეზონიც ასეთივე წარმატებული იქნება“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ დამსვენებლებს. ყოველდღიურ შემოწმებას გადის კურორტზე მოქმედი ყველა საბაგირო. მოსახლეობისა და ჩამოსული დამსვენებლების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი იცავს”.

Comments
Loading...