გურიის გუბერნატორმა სიმინდის კარგი მოსავალის მქონდე ფერმერები მოინახულა

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში, ის წარმატებული ფერმერები მოინახულეს, რომლებსაც დროულად და სწორად გატარებული აგროსამუშაოების შედეგად, სიმინდის კარგი მოსავალი აქვთ.

ფერმერები აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ დროულად ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოების შედეგად, საყანე ფართობებზე, ფაროსანა და სხვა მავნებლები არ ფიქსირდებიან, რამაც სიმინდის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორიის მეშვეობით, მოსახლოებას საშუალება აქვს ადგილზე შეამოწმოს მცენარეების ნიმუშები და მავნებლების ან სხვა დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ფიტოსანიტარი სპეციალისტებისგან მიიღონ რეკომენდაციები საკარმიდამო ნაკვეთებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

გურიის რეგიონში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. მავნებლის მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე, გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.parosana.ge

Comments
Loading...