- Advertisement -

გურჯაანის დებატკლუბების წევრები, დებატების საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან

გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, პროექტის “გურჯაანის მუნიციპალიტეტში დებატკლუბების ჩამოყალიბება” დახურვის ცერემონიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ “საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ პროექტის მიმდინარეობის ანგარიში წარმოადგინა და იმ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც გურჯაანელმა მოდებატეებმა მიაღწიეს.

პროექტი, რომლის მიზანსაც მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება წარმოადგენდა, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 20-მდე დებატკლუბი შეიქმნა, რომლის წევრებმაც, პროექტში ჩართულობის, აქტიურობისა და მომზადების მაღალი დონით, უკვე შეძლეს მიეღოთ მონაწილეობა როგორც საჯარო დებატებში, ასევე საქართველოს დებატების ეროვნულ ტურნირში, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს წარმოადგენდნენ ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო, ახაშნის, კაჭრეთის, მუკუზნის, სოფელ გურჯაანის, მელაანის და ქ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის დებატკლუბის მოსწავლეები. მათ წარმატებულად იდებატეს, სხვა ძალიან გამოცდილ მოსწავლეებთან ერთად და 10 საუკეთესო მოდებატეთა შორის მოხვდნენ სოფელ კაჭრეთის, მუკუზნის და ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 10 ქართველ წარმატებულ მოდებატეთა შორის, რომლებიც სლოვაკეთში, დებატების საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, იქნებიან ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სოსებაშვილი, მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ხაჩიშვილი და კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ბეროშვილი.

“მიხარია, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ, მნიშვნელოვანი შედეგებითა და წარმატებით დავასრულეთ. ვამაყობ იმით, რომ აგვისტოს თვეში, სწორედ იმ 10 საუკეთესო მოდებატეთა შორის, რომლებიც სლოვაკეთში, დებატების საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, სამი გურჯაანელი მოსწავლეც იქნება. მსურს, მათ წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო”, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, დებატკლუბის ყველა წარმატებულმა ხელმძღვანელმა, საჭიროების მიხედვით მოიპოვა კრედიტქულა კლუბურ მუშაობაში და შესაბამისად, ა(ა)იპ „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისგან“ დამატებით მიიღო ერთი კრედიტი.

„მიხარია, რომ პროექტი რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში პირველად განვახორციელეთ, ძალიან წარმატებული გამოვიდა და ყველამ ერთად ვნახეთ ის შედეგები, რასაც ჩვენმა ახალბედა მოდებატებმა მიაღწიეს. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, პედაგოგებსა და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ასეთი წარმატებული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს აქტიური, მიზანდასახული, განათლებული და მოაზროვნე ახალგაზრდობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ცერემონიალის დასასრულს, დებატების პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს სხვადასხვა მიღწევისა და წარმატების მიხედვით, 250-ზე მეტი სერთიფიკატი გადაეცა.

Comments
Loading...