“დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, ნუ იქნება დაკავევებები” – პანკისში შეხვედრა 2 საათზე მეტია მიმდინარეობს

ადგილობრივები ხეობაში ჰესების მშენებლობის დაწყებას არ ეთანხმებიან და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან დიალოგს გამორიცხავენ.

“ხელისუფლებასთან ჰესებთან დაკავშირებით დიალოგი გამორიცხულია, ჩვენ 21 აპრილს ძიბახევში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გვინდა საუბარი. დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, ნუ იქნება დაკავევებები,კიდევ უფრო ნუ გააღიზიანებენ ხალხს.”- განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ჯარაფ ხანგოშვილმა.

დღევანდელი კრების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ხეობის მოსახლეობის სახალხო კრების სახელით ხელისუფლებას მიმართვას გაუგზავნიან. სახალხო კრების წევრი კი ხეობის თითო სოფლიდან ექვსი ადამიანი, სამი ხანდაზმული და სამი ახალგაზრდა იქნება. ხელისუფლებისადმი გასაგზავნი მიმართვის ტექსტის შედგენაც და შემდგომ დიალოგში მონაწილეობაც მათ დაევალებათ, ასეთია დღევანდელი შეკრების მონაწილეთა გადაწყვეტილება.

შეკრების ორგანიზატორის, თამაზ ბაღაკაშვილის განცხადებით, მიმართვის ტესქსტს სახალხო კრების წევრები საზოგადოებას ხვალ ან ზეგ წარუდგენენ.

Comments
Loading...