- Advertisement -

ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებზე გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების თემაზე მიძღვნილ, მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კომპანიის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში წყლისა და წყალარინების სფეროს გამოწვევები მიმოიხილა, ისაუბრა დარგში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკის საკითხზეც.

შეხვედრები სასესიო ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ინვესტიციებისა და კომერციული ფინანსების მობილიზაციის საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს მონაწილე ქვეყნების მაგალითები, რისკების მართვა და შედეგების გაუმჯობესება. დისკუსიების შედეგად, კვლევის შემუშავებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება.

კონფერენცია – „მრგვალი მაგიდა-წყლის სფეროს დაფინანსება“ არის გლობალურ პლატფორმა, რომლის მიზანს დარგის მდგრადი განვითარება წარმოადგენს. ამასთანავე, ხელს უწყობს მთავრობების, ფინანსურ ინსტიტუტების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიებას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, მსოფლიოს წყლის სამიტთან და ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობით, ფილიპინების დედაქალაქი 26-28 ნოემბერს მასპინძლობს.

Comments
Loading...