- Advertisement -

ზუგდიდის მერმა 61 პედაგოგი დააჯილდოვა

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, დღეს, “წლის საუკეთესო მასწავლებლის”, “წლის საუკეთესო დირექტორის” და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან, კონსტანტინე კაკავასთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან კახაბერ ფარცვანიასთან ერთად პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. „მინდა თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ პროფესიული დღე და მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის. თქვენ განსაკუთრებულ შრომას დებთ ქვეყნის ნათელ და წარმატებულ მომავალში. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულ თაობებს უზრდიან. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა და თქვენი პროფესიული დღის აღნიშვნა. გისურვებთ ღირსეული თაობის აღგეზარდას ქვეყნისთვის და მომავალში წარმატებულ საქმიანობას.“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მერმა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეოთხე წელია საჯარო სკოლების წარმატებულ მასწვალბებლებს აჯილდოვებს.

დღეს, მერიამ სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51-ვე საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგს, ხოლო საგნობრივ ჯგუფში 9 მასწავლებელს 500- 500 ლარი გადასცა. განსაკუთრებული წვლილისთვის სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა მებონიას ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცა.

“წლის საუკეთესო მასწავლებელი “ შეირჩა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცხრა საგნობრივი ჯგუფიდან. პროექტი ხელს შეუწყობს სკოლაში სწავლების შედეგების გაუმჯობესებას, სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენებას. ღონისძიების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილებაა, ხოლო მხარდამჭერი ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრია.

Comments
Loading...