ზუგდიდის პოლიციის წარმომადგენელი: ჩხეტიამ პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სამმართველოშიც განაგრძო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილემ შალვა ჭედიამ განცხადება გააკეთა.

“დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო იხილავს 2019 წლის 11 აპრილს სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულ იქნა მანუჩარ ჩხეტია, რომელმაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშიც განაგრძო პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილია ყველა მტკიცებულება, რაც მოპოვებულია შსს – ს მიერ განსახილველად. აქვე მინდა დავამატო, რომ პოლიციელების საქმიანობა და მისი მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაა. რაც მოხდა ეს არის კანონდარღვევა და პოლიცია ყოველთვის მიიღებს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას”, – განაცხადა ჭედიამ.

მანდ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი სასამართლოს შემდეგ იქნება.

Comments
Loading...