- Advertisement -

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი გაიხსნა

ცენტრის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, დევნილთა სათემო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“დიდი მადლობა მინდა გადაგიხდოთ აღნიშნული ცენტრის გახსნისთვის, რომელიც კონკრეტული ოჯახების საჭიროებების მოგვარებასა და მათი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ცენტრის ფუნქციონირება ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მოუტანს კონკრეტულ შედეგებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გააკეთებს ყველაფერს, რათა მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორთან, რათა ერთობლივად დავძლიოთ ის გამოწვევები რაც არსებიობს“-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) მოემსახურება დევნილებსა და მასპინძელ თემს. ცენტრის მიზანია საჭიროების მქონე ადამიანებში გაზარდოს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა. LDC სამეგრელოში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისებს განახორციელებს – ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს დასაქმების, მიკრო და მცირე მეწარმეობის, პროფესიული განათლების, ტრენინგების, სტაჟირების, გრანტებისა და უპროცენტო სესხების თემებს, აგრეთვე ცენტრში დევნილებსა და მასპინძელ თემს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ექსპერტებისაგან კონსულტაციები სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მიზნით და მიიღოს დახმარება რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის და ბიზნეს წინადადების შედგენაში.

ცენტრის გახსნასთან ერთად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართა. ცენტრი პროექტ „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა, რომლის განმახორცილებელია ASB საქართველო (ASB Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ხოლო დონორი აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).

ცენტრის გახსნის შემდეგ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, 37 ბენეფიციარს, ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად საჭირო სხვადასხვა საშუალება გადაეცათ. გამარჯვებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გიგა ფარულავამ და კონსტანტინე კაკავამ გადასცეს.

გიგა ფარულავამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად. ასევე აღსანიშნავია ის რომ, ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას მიეცემათ შესაძლებლობა მოისმინონ ექსპერტებისგან კონსულტაციები, სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

პროექტი ორწლიანია და, საერთო ჯამში, 180 დევნილი და ადგილობრივი მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტს მიიღებს. პროექტი ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც ხორციელდება.

Comments
Loading...