ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი ტარდება

20-21 ივლისი – ზუგდიდი, ტექნოპარკი (ლაღიძის N2), 10:30 საათი – გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობენ. ფორუმი რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმღვანელი იენი რატილაინენი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქეთევან ქვარცხავა გახსნიან.

ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ და ტურიზმისა და მერკეტინგის ექსპერტებთან, რომლებსაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების პერსპექტიული ხედვები აქვთ, სამომავლო კონტაქტი დაამყარონ. ექსპერტებისა და ქალი მეწარმეების სამომავლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული ბიზნესების, ისე რეგიონული ტურიზმის განვითარებას. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, საგრანტო პროგრამების, განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

Comments
Loading...