თავისუფალ სივრცეში ინტერდისციპლინური ბიზნესგანვითარების სემინარი “TeamLab Batumi” მიმდინარეობს

თავისუფალ სივრცეში ინტერდისციპლინური ბიზნესგანვითარების სემინარი “TeamLab Batumi” მიმდინარეობს. შეხვედრაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კრეატიული სტარტაპების მხარდაჭერა სამინისტროს პრიორიტეტია.

TeamLab – არის სემინარი, სადაც გუნდები იდეის გარშემო გაერთიანდებიან. სემინარის ფარგლებში მოხდება ჯგუფებში იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, განხილვა და შეფასება ესტონელი ექსპერტებისა და ქართველი მენტორებისდახმარებით.

პროექტი აერთიანებს სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანებს: მუსიკოსებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოცეკვავეებს, მარკეტერებს, ინჟინრებს, დიზაინერებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს, ბიზნეს ადმინისტრატორებს და სხვა.სემინარის დასაწყისშივე შეირჩა რამდენიმე გუნდი. თითოეული მათგანი დღის განმავლობაში გაივლის ბიზნეს იდეის განვითარებისათვის საჭირო წვრთნას მენტორების დახმარებით და დღის ბოლოს წარსდგება ჟიურის წინაშე ბიზნესის განვითარების მოკლე გეგმა-პრეზენტაციით (Pitch).

სემინარის ბოლოს, საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს თითოეული თიმლაბიდან. გამარჯვებულ გუნდებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებითი მეწარმოების აკადემიის (Creative Entrepreneurship Academy) სტარტაპების კონკურსში ქვეყნის მასშტაბით, რომლის ჩატარება დაგეგმილია თბილისში, აპრილის დასაწყისში.

კონკურსში მონაწილე რამოდენიმე საუკეთესო გუნდი კი, ჩაერთვება ბიზნეს აქსელერაციის პროგრამაში და ა.წ. მაისის თვეში გაემგზავრება ესტონეთში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსზე (Latitude 59) დასასწრებად.

TeamLab Barumi – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს, შემოქმედებითი კავკასიისა და შემოქმედებითი ესტონეთის ერთობლივი პროექტია.

Comments
Loading...