- Advertisement -

თელავში კერძო პირებმა წყლის გაყიდვა დაიწყეს

თელავში წყლის დეფიციტის გამო კერძო პირებმა სასმელი წყლის გაყიდვა დაიწყეს.

შესაბამისი სერვისის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

სერვისის ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი ვარდოშვილი ამბობს, რომ მომსახურების დანერგვა წყლის მუდმივი დეფიციტის გამო გადაწყვიტა.

„მაქვს ავტომობილი, რომლითაც რეზერვუარით წყლის ადგილამდე მიტანა შემიძლია. ქალაქში ისეთი დეფიციტია, მომხმარებელი უკვე მყავს. სასმელ წყალს თელავში, საზოგადოებრივ ადგილებში არსებული წყაროებიდან ვიღებ. ერთი ტონა სასმელი წყლისა და მისი ადგილზე მიტანის ღირებულება 25 ლარია“, – ამბობს ირაკლი ვარდოშვილი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ადასტურებენ, რომ ქალაქში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა.

კომპანიის თელავის სერვისცენტრის დირექტორი ჯონი ოსიაშვილი სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების შეფერხებას ძლიერ ყინვას უკავშირებს და აცხადებს, რომ დრენაჟებში წყლის შემოდინება მკვეთრად შემცირდა.

Comments
Loading...