თელავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა გაიმართება

​დღეიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.

კომისია 11 საჯარო შეხვედრას გამართავს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

პირველი შეხვედრა თელავში გაიმართება, შემდეგ რუსთავში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში და 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ინიცირებულია ორი პროექტი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 13 წევრისგან შედგება. ესენი არიან – არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

Comments
Loading...