- Advertisement -

თელავში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს

ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა სიგნალებით გივი ჩოხელის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ერეკლე მეორის გამზირზე დასრულდა.
აქციაზე, რომლის ორგანიზატორი “ლეიბორისტული პარტია” იყო, ტაქსის მძღოლებმა სოლიდარობა გამოხატეს დედაქალაქში მომუშავე კოლეგების მიმართ, რომელთაც თბილისის მერიამ ახალი რეგულაციები დაუწესა.

“თელავის გარდა, სოლიდარობის აქცია კახეთის ყველა ქალაქში გაიმართა. ამ აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ თელაველი ტაქსის მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მოძრავ ტაქსისტებს. ვინაიდან მათ მერმა მანქანების თეთრად გადაღება მოსთხოვა. გამოდის რომ არჩევნებზე თბილისის მოსახლეობას მერი კი არა მალიარი აურჩევია. კალაძის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მილანში დადიან თეთრი ფერის ტაქსები. არვიცი რამდენად ჰგავს თბილისი მილანს ან საქართველო. ეს ადამიანები, რომელთაც ამხელა დარტყმა ადგებათ არიან თვითდასაქმებულნი,მანქანები ბანკებიდან გამოტანილი კრედიტით აქვთ ნაყიდი და რა გამოდის,ამ რეგულაციის ამოქმედებისთანავე უმუშევართა რიგებს კიდევ ათასობით უმუშავარი ტაქსისტი შეემატება.ჩვენი მოთხოვნაა კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსების რეგულაციის გაუქმება.” განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას “ლეიბორისტული პარტიის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა ვარდოშვილმა.

ცნობისათვის, ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსები „ა“ და „ბ“ კატეგორიად დაიყოფიან, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები კი ავტომობილებს თეთრად დაფერავენ. მძღოლები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან, მათი თქმით, არც სტიკერების დაკვრაა მათთვის მისაღები, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ღირს.

Comments
Loading...