ინგა შამილიშვილი თამარ სირაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორთან თამარ სირაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქვემო სილეზიაში, ქალაქ ვროცლავში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის წარმომადგენელთან მიხალ ბობოვიეცთან და მუზეუმის დირექტორთან პიოტრ ოშჩანოვსკისთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარასა და ქვემო სილეზიის რეგიონებს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ერთობლივი პროგრამების შესახებ, ასევე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა და დაიგეგმა ბათუმის მუსიკალური ცენტრის გასტროლი ვროცლავში.

ქვემო სილეზიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 2016 წლიდან მიმდინარეობდა ერთობლივი პროექტები, რომლებიც დღემდე გრეძლდება.

2016-2018 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი, რომლის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთში პერიოდულად გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: ფოლკლორული კონცერტები, კინოგადაღებები და კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები, ქუჩის მხატვრობის პროექტი და სხვა.

ერთობლივი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული და პოლონური კულტურის დაახლოებასა და პოპულარიზაციას, კულტურული ღირებულებების, ასევე სახელოვნებო საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაცვლას.

Comments
Loading...