- Advertisement -

კასპში, ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი “ქართლი” გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის ტაძრის ეზოში ორ დღეს 13 და14 ოქტომბერს, სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს ლოცვა კურთხევით ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი ,,ქ ა რ თ ლ ი” მიმდინარეობდა.
ორი დღის განმავლობაში ტაძრის ეზოში ისმოდა ქართლური საგალობლები და სიმღერები და მსმენელს მართლაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ: კასპიდან მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლები “ქართლი“, „მოურავი“, „საამილახვრო“ და კასპის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრის გუნდი, თელავის მამაკაცთა გუნდი „პატარა კახი“, წყალტუბოს მგალობელ – მომღერალთა გუნდი „ნადური“, ლენტეხის „ლაგუშედა“ და ქარელის გუნდი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“, „მჭელი“, მგალობელ – მომღერალთა გუნდი „აღსავალი“, სამედიცინო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი.

ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციას ემსახურება.

მონაწილე ანსამბლებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ფესტივალის კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარება განაპირობა იმ წარსულმა და დღევანდელმა ტრადიციამ, რომელსაც ეწოდნენ ცნობილი შემსრულებლები თარხნიშვილები, კარბელაშვილები და კავსაძეები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლებმა და მონაწილეებმა გულთბილი მასპინძლობისათვის, მადლობა გადაუხადეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებს.

ფესტივალს ესწრებოდნენ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი სქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე.

Comments
Loading...