- Advertisement -

მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი გაიმართა

გურჯაანის ახტალის პარკში, მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია გააცოცხლეს. მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება და უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

წელს, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ხელსაყრელ ფასად შეეძინათ როგორც ღვინოები, ასევე 50-ზე მეტი მეწარმის მიერ გამოფენილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო საწნახელში ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში.

“წელს, გურჯაანში განსაკუთრებული წელი გვაქვს. ატმის ექსპორტმა 20 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო ყურძნის მოსავალი რეკორდული მაჩვენებლით მივიღეთ, რამაც ოჯახებს ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ამიტომაც განსაკუთრებულია დღევანდელი დღე ჩვენთვის და თითოეული გურჯაანელისთვის. მეღვინეობის ქალაქი მასპინძლობს ღვინის ფესტივალს, რომელიც უფრო მასშტაბურია, ვიდრე გასულ წელს იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, m2 უძრავი ქონება-ს ფესტივალის გენერალური სპონსორობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისთვის, ” – აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის ფარგლებში მოეწყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და სამომავლო მასშტაბური ტურისტული ინფრასტრუქტურის, ახალი ტურისტული ცენტრი-ქალაქის მშენებლობისა და ახალი ღვინის მარნების პროექტების გამოფენაც, რომლის პრეზენტაციაც გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა გამართა.

ფესტივალზე, წარმოდგენილი შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ცოცხალი ძეგლები, სპექტაკლები, პერფორმანსები ცნობილი ქართული ფილმებიდან, თოჯინების თეატრი, თამაშობანა და „აწარმოეს საქართველოში“ ბენეფიციარების წარმოებების გამოფენა, განსაკუთრებულ სიხალისეს სძენდა შემოდგომის ზეიმს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის გენერალური სპონსორი „m2 უძრავი ქონება“ იყო, რომელიც ძალიან მალე, სოფელ ახაშენში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს.

“m2 სასტუმროების ქსელის განვითარებას აგრძელებს და ამჯერად 17 500 000$ -იანი ინვესტიცია, კახეთში კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში განხორციელდება. ღვინის და სპა სასტუმრო კომპლექსი ამჟამად პროექტირების რეჟიმშია. 7 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებთან ერთად, კომპლექსში იფუნქციონირებს 60 კომფორტული სასტუმრო ნომერი, 30 კერძო ვილა, ქართული ტრადიციული და უცხოური ფორმატის რესტორნები, ღვინის მარანი, სპა ცენტრი. ეს იქნება ადგილი, სადაც არქიტექტურული კონცეფცია და ბუნება ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული. სასტუმრო კომპლექსში მთავრი აქცენტი ქართული ღვინისა და დახვეწილი ქართული სამზარეულოს გამოცდილების მიღებაზე კეთდება. ეს ადგილი გახდება კახეთის რეგიონის სავიზიტო ბარათი და მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრი.

მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი უმნიშვნელოვანესი იქნება გურჯაანისა და მთლიანად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, როგორც ტურისტული პოტენციალის გაზრდის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ გურჯაანის, როგორც მეღვინეობის ქალაქის და ერთ-ერთი ცენტრის ფორმირებას და პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზეზით ვუჭერთ მხარს გურჯაანის ღვინის ფესტივალს, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ,” – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი ტრადიციულად იმართებდა და ამჯერად, მისი მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

Comments
Loading...