ნიკოლოზ ფიფიას ხელოვნება – ბეტონის ცხოველებისა და ფრინველების ზოოპარკი ზუგდიდში

არწივის, გედის, წეროს, დათვის, ძაღლის, დრაკონის, ირმის, ვეფხვის თუ ლომის ქანდაკება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნაკეთობებისა, რომელსაც ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მცხოვრები ნიკოლოზ ფიფია ბეტონით წლებია ამზადებს.

ოსტატის თქმით, მის ზღაპრულ სამყაროში ბავშვები ყოველ დღე დადიან. ათვალიერებენ ქანდაკებებს, რომელიც დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებები ბევრს მოსწონს, მყიდველი არ არის იმდენი, რომ საქმიანობა სარფიან ბიზნესად იქცეს. ამიტომაც, ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები ეხმარებიან და ქანდაკებების დასამზადებლად მასალებს ჩუქნიან.

“წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობ. ბავშვობიდანვე მსურდა ჩემი კორპუსის ეზო განსახვავებული და წარმოჩენილი ყოფილიყო. ხელობა ჩემით ვისწავლე, შემდეგ თანდათან მუშაობის პროცესში დავხვეწე და რასაც უყურებთ ეს გამოვიდა. შთაგონების წყარო იყო ბავშვობიდან გამოყოლილი სურვილი. აქ ცხოველებისა და ფრინველების პარალელურად, ბავშვების ქანდაკებებიცაა.ასევე ბაღის დეკორატიულ სადგამები. მოკლედ გააჩნია, თავში რაც მომივა, ყველაფერს ვაკეთებ,”-აცხადებს ფიფია “აიპრესთან” საუბარში.

ხელოვანი, ქანდაკებების შესაქმნელად მხოლოდ რკინას, ბეტონს და საღებავს იყენებს. მისი ნამუშევრები საქართველოს საკურორტო ზონაში, რამდენიმე სასტუმროს ეზოს ამშვენებს. ქანდაკებების ფასი 15 ლარიდან იწყება, თუმცა გააჩნია ქანდაკების ზომას და ნამუშევრის სირთულეს.


“რომ გითხრათ რომ რაიმე განსაკუთრებული მასალისგან ვამზადებ არა, ჩვეულებრივად, მარტივად ვიყენებ მეტონს და რკინას. შემდეგ ვღებავ შესაბამისად. ვცდილობ ცოცხალ არსებასთან გავავლო პარალელი და რომელიმე ზღაპრის გმირი გავაცოცხლო. ნაკეთობას შემდეგ ვღებავ თემატურად. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია. დღე არ გავა რამე არ გავაკეთო. არის შეკვეთებიც აქა იქ, ზოგჯერ სასტუმროს დეკორაციებს მიკვეთავენ, ზოგჯერ სხვა რაღაცეებს. ამით ვცოცხლობ და გამაქვს თავი. დიდი შრომის შედეგია ეს ყველაფერი, ახლა ქუჯის ქუჩაზე დამთვალიერებლის ნახვა არავის უკვირს. უფრო მეტიც, ეზო უკვე ქვეყნის მასშტაბით ცნობილია, რადგან ქანდაკებების წყალობით ჩვენი ქუჩა და უბანი წლის „ლამაზ ეზოდ“ დასახელდა,”-აღნიშნა ფიფიამ.

Comments
Loading...