- Advertisement -

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამუშაოს მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ადგილზე გაეცნენ.

შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა ინტერიერს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. აქ თავს მოიყრის ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეგროვებული უნიკალური მასალა. დასავლეთ საქართველოდან ანსამბლებს სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ. 

სამშენებლო სამუშაო 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი ფოლკ-ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
 

Comments
Loading...