„საერთაშორისო გამჭვირვალობამ” აჭარაში თანამდებობის პირთა დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი გამოავლინა

რესპუბლიკის მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. არასამთავრობო ორგანიზაციამ მეორე ეტპზე თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოვლინდა.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. თანამდებობის პირი ასევე ვალდებულია საწარმოში საკუთარი წილი სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვა პირს გადასცეს, თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს გიორგი მანველიძეს 2019 წლის 18 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ის არის შპს „I-G”-ის 50% წილის მფლობელი. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს არც 2018 წლის და არც 2017 წლის დეკლარაციებში არ ჰქონდა მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ მანველიძე კომპანიის მეწილეა 2012 წლიდან. კანონის მოთხოვნის თანახმად, მანველიძემ აღნიშნული წილი, დეკლარირებასთან ერთად, სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.

დეკლარაცია არსრულად აქვს შევსებული უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს ხვიჩა შარაშიძე. 2018 წლის 26 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მას არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „vox”-ის 50%-იანი წილის მფლობელია, რაც კანონის შესაბამისად, მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, შორენა ქარცივაძე შპს „HAIR FASHION”-ის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.
2019 წლის დეკლარაციაში შპს-ს წილის მფლობელობა დაფიქსირებული აქვს თუმცა კანონის შესაბამისად საკუთარი წილი სხვა პირისათვის სამართავად არ აქვს გადაცემული უმაღლესი საბჭოს უმარვლესობის ორ დეპუტატს დავით ბაციკაძესა და ილია ვერძაძეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა უკვე დეპუტატობა შეჩერებული ქართველი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი. იგი 2018 წლამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იყო, 28 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში კი არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილები, რატი და გიორგი ოქუაშვილები არიან შპს „ბენმონტი-BENMONT”-ის 50-50%-იანი წილის მფლობელები. ზაზა ოქუაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება 2019 წლის 24 იანვარს შეუწყდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დეკლარაციის არსრულად შევსების ფაქტი აღმოაჩინა აჭარის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრების მოადგილეების შემთხვევაშიც. ჯამბულ ხოზრევანიძეს, თორნიკე კუჭავასა და თეონა ბერიძეს გასულ წელს შევსებულ დეკლარაცია კანონთან შესაბამისობაში არ აქვთ მოქცეული.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაცია ეტაპობრივად ახორციელებს საჯარო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლასა და დეკლარაციასთან შესაბამისობას.

Comments
Loading...