საკრებულომ ზუგდიდის არჩეული მერის უფლებამოსილება პერფომანსის ფონზე სცნო

ზუგდიდის საკრებულომ ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნო დაპირისპირების და პროტესტის ფონზე. საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ოპოზიცია კი წინააღმდეგი იყო. მათი თქმით, 19 მაისის არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ამიტომაც გიორგი შენგელიას ვერ მიულოცავენ ამ თანამდებობას.

ფრაქცია “ენმ-ის” თავმჯდომარე ანა წითლიძემ არჩევნების პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო “ძალადობრივი”. მიუხედავად ამისა, უსურვა, ისე არ დაასრულოს საკუთარი მმართველობა, როგორც მისმა წინამორბედმა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული მერი, და ენმ-სგან განსხვავებით, ხალხს აქვს განცდა, რომ ის იქნება კარგი მერი და ზუგდიდს ბევრ სიკეთეს მოუტანს.

მერის უფლებამოსილებიც ცნობა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს თავზე ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციას თქმით, ტომრის ჩამოცმა, რითაც დღეს ახალგაზრდები მერის უფლებამოსილების ცნობას აპროტესტებენ, თავის დროზე მწარედ ახსოვს ზუგდიდს, როცა მოქალაქეები წინა ხელისუფლების პირობებში გაჰყავდათ და მათზე ძალადობდნენ. მანვე მოუწოდა შეკრებილთა მშობლებს, შვილებს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ენმ-ის მავნებლობისგან.

ანა წითლიძის თქმით, ახალგაზრდებისგან და მისგანაც პასუხს თაზო ფაცაცია არ იმსახურებს, რომლის “დონეც” თინა ბოკუჩავასადმი დაწერილ სტატუსშიც იკითხება.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო.

Comments
Loading...