სამოქალაქო აქტივისტები, ნანა კოსტავას საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ

სამოქალაქო აქტივისტებს დეპუტატებთან კითხვები ჰქონდათ, ემიჯნებიან თუ არა საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას და უნდა წავიდეს თუ არა კოსტავა საკრებულოდან.

საკრებულოს მხრიდან შეხვედრას უმრავლესობის 14 დეპუტატი ესწრება, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელებიც ორი დღეა ქუთაისის მერიის წინ აქციებს მართავენ, დეპუტატებს კითხვით მიმართეს, იზიარებენ თუ არა ნანა კოსტავას პოზიციას.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავამ პირველ ეტაპზე საკრებულოს დატოვების მზაობა გამოხატა, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა.

საკრებულოს წევრის ლაშა გვენატაძის განმარტებით, საკრებულომ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა და ისინი ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვებას ვერ მოსთხოვენ.

კოლეგებისგან განსხვავებით, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს წევრმა ალეკო ახალაძემ, რომლის განცხადებით, აქტივისტები ნანა კოსტავას აბულინგებენ, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით ისინი სამომავლო გეგმაზე იმსჯელებენ და ნანა კოსტავას წინააღმდეგ აქციებს სავარაუდოდ განაახლებენ. აქციები კი გაგრძელდება იქამდე ვიდრე კოსტავა საკრებულოს მანდატს არ დატოვებს.

Comments
Loading...