- Advertisement -

სანდრო კაკულია: გვინდა, “თავისუფლების ქარხანა” , რეალიზებული პროექტების ქარხანად ვაქციოთ

ამის შესახებ, “თავისუფლების ქარხნის” თანადამფუძნებელმა სანდრო კაკულიამ “თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სანდრო კაკულიამ საზოგადოებას „თავისუფლების ქარხნის“ 3 მნიშვნელოვანი იდეა წარუდგინა.

“იმისთვის რომ გავხსნათ კარები, ნებისმიერი წამოწყება, ინიციატივა, პროექტი, რომელიც შემოვა იყოს უფრო ეფექტური, უფრო მეტად საყოველთაო, ამისთვის, ამ ციფრულ ეპოქაში, ვაკეთებთ თავისუფლების ვებ-პორტალს, რომელიც იქნება ძალიან მძლავრი ვებ-საიტი, სადაც განთავსდება სხვადასხვა პროექტი.

პროექტის ზუსტ მახასიათებლებს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვის ბოლოს წარმოვადგენთ ზუსტ პროცედურებს და გრძელვადიან განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

ვებ-პორტალი გამოიყენება სხვადასხვა მულტიმედიური პროექტებისთვის, როგორიცაა ციფრული გამოფენა.

მეორე, ჩვენ, როგორც ძალიან დემოკრატიული საზოგადოება, გვინდა პროექტის არჩევნები იყოს ღია და გამჭირვალე.

ასევე, გვსურს, გითხრათ რომ ადამიანები, რომლებსაც მოვიწვევთ წარმატებული პროექტების შესარჩევად, რომელიც წარმოდგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ამ ადამიანების არჩევნებიც გავხადოთ ღია.

ჩვენს კანდიდატურებს ვებ-პორტალზე იხილავთ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ხმა მისცეს მის რჩეულს თემატურ საბჭოში.

თემატური საბჭო ვერაფერს გახდება რომ არ იყოს ფინანსური რესურსი. ამიტომ, დღეიდან ვაანონსებთ რომ ჩვენი “თავისუფლების ქარხნის” ბაზაზე, იქმნება “თავისუფლების ფონდი” სადაც ნებისმიერი მსურველის თანხა აკუმულირდება.

ამ ფონდის თანხებს განკარგავენ თემატური ბორდები – “მინი საბჭოები”. დღეის მდგომარეობთ ვიცით რომ იქნება რამდენიმე თემატური საბჭო:

პირველი, ეს არის, “არტბორდი”, რომელიც განიხილავს კულტურულ ღონისძიებებს. ნებისმიერ პროექტს, რომელიც ეხება ხელოვნებას, შემოქმედებას.

შეიქმნება ღონისძიებების ბორდი, რომელიც ფესტივალებს, კონცერტებს და მასთან დაკავშირებულ მსგავს პროექტებს განიხილავს.

შემდეგი, ეს არის საგანმანათლებლო საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან სფეროს ცნობილი ექსპერტები, ლექტორები, პროფესორები. ეს საბჭო დააფინანსებს ან კურატორობას გაუწევს ისეთ პროექტებს, რომელიც ეხება განათლებას. „ვორქშოფები“ ლექციების ციკლი, სხვადასხვა სამოტივაციო საუბრები. ვეცდებით ეს სივრცე დავუთმოთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებს გაუზიარონ.

ამასთან, სანდრო კაკულიამ ღვინის მუზეუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც ღვინის საუკუნოვანი ისტორია აქვს, მალე, “ღვინის მუზეუმი” ექნება.

“თბილისს ჩვენს დედაქალაქს, ღვინის სამშობლოს, ბევრი ასეული ათასწლოვანი ისტორიით, სამწუხაროდ, არ გვაქვს ღვინის და ვაზის მუზეუმი. „ღვინის მუზეუმი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც მუშაობას დღეიდან ვიწყებთ. ,-განაცხადა სანდრო კაკულიამ.

ამასთან მინი ბორდებს შემოემატება ურბანული, გარემოსდაცვითი ბორდი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ პროექტებზე იზრუნებს.

და ბოლოს, „თავისუფლების MINIVAN“. წლის ბოლოდან რეგიონებში „თავისუფლების ქარხანა” თავისუფალი იდეის „დისტრიბუციას“ განახორციელებს.

„თავისუფლების MINIVAN“- წლის ბლოდან თავისუფლების იდეის დისტრიბუცია უნდა დავიწყოთ! ამიტომ ასეთი მანქანა, ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოჩნდება.

გვექნება შეხვედრა უნივერსიტეტებში, სხვადასხვა ლიტერატურულ ორგანიზაციებში, წიგნის კაფეებში, ყველა იმ ადგილას, სადაც თვლიან რომ თავისუფლების იდეა არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ ამ იდეას ჩავიტანთ ყველგან. დავპატიჟებთ რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს, ახალგაზრდებს , ჩამოიტანონ იდეები და იმუშაონ აქ. დედაქალაქი სიამოვნებით დაიმატებს ბევრ ახალგაზრდას და მათ ნამუშევრებს“,-განაცხადა სანდრო კაკულიამ.

ცნობისთვის, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა.

კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

Comments
Loading...