- Advertisement -

ტიკარაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება სახელმწიფოს მართვაში, როგორც მუნიციპალური საავადმყოფო

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მალე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით და დარჩება სახელმწიფოს მართვაში, როგორც მუნიციპალური საავადმყოფო“, – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძემ, ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობა დაათვალიერა და მედპერსონალს შეხვდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილმა, რომლებიც უკვე ორი წელია ითხოვენ, მათ შორის საპროტესტო აქციებით, სამედიცინო დაწესებულების სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებას, მინისტრს კონკრეტული ვადა და სტატუსის შესახებ კითხვები დუსვეს.

„საუნივერსიტეტო კლინიკები იქნებიან სახელმწიფო კლინიკები. ეს არის ჩვენი და სახელმწიფოს ვალი, რომ მომზადდნენ კვალიფიციური კადრები. უმოკლეს ვადაში ვიწყებთ მოლაპარაკებებს კომპანიებთან, რათა დაიწყოს შესყიდვები. დავიწყებთ ეტაპობრივად. ამ ყველაფერს დავიწყებთ მყისიერად და რა დროც დასჭირდება აპარატურის შეძენასა და მონტაჟს, სწორედ ეს დრო იქნება საჭირო საავადმყოფოს გახსნისთვის“, – უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმებს.

მიუხედავად მინისტრის პოზიციისა, ექიმების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა, კლინიკის გაყიდვას, კერძო კომპანიაზე გადასაცემად ამზადებს და მათი გადასვლა ახალ შენობაში, სწორედ ამიტომ არ ხდება. მათივე თქმით, ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ შენობის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ტანხები, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის.

შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირება მისცა, რომ ისინი პირველი პაციენტების მიღებას, კლინიკის ახალ შენობაში, მალე შეძლებენ.

„მადლობა, რომ მოთმინებითა და გაგებით ელოდებოდით მშენებლობის დასრულებას. ძალიან მალე შეძლებთ პირველი პაციენტების მიღებას და ხარისხიანი მომსახურების გაწევას“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...