ფოთის კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს რეგიონებში წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით (ADB), ფოთში წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. სამუშაოებს, ADB-ის მისიასთან ერთად, ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა და მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ.

„მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს მიმდინარე პროექტებზე. ამჟამად ხორციელდება წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, ადგილზე მუშაობს ჰოლანდიური კონტრაქტორი კომპანიის ოთხი ჯგუფი, სამუშაოებში ჩართულია ქართული მუშახელიც. ფოთში ასევე მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. ვიმედოვნებთ და ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ორივე პროექტი დროულად დასრულდეს“.-განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2020 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

„ფოთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, სამუშაოები შედერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, დღეს კომპანიისგან მივიღეთ გარანტიები, რომ პროექტი სწრაფი ტემპით გააგრძელდება და კომპანია ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ სამუშაოებს. პარალელურად მას მიყვება გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე წლების განმავლობაში მოუგვარებელია ქალაქ ფოთში“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. შენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. სამუშაოებს ADB-ი 130 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს.

Comments
Loading...