ფოთის “კოლხეთის” დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა

დღეს ფოთის საფეხბურთო გუნდის ,,კოლხეთი 1913“-ის დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მთელი ქალაქი უნდა ჩაერთოს. მისივე თქმით, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად მაქსიმუმს გააკეთებს.

“ამ გუნდს უამრავი პრობლემა აქვს. აქვს დიდი ვალი , რომელიც საწრაფოდ არის დასაფარი. ფეხბურთელების დავალიანების გადაუხდელობის გამო, 15 ივლისს გუნდს 6 ქულის დაკლება ემუქრება. პირველ რიგში ვმუშაობ ამ საკითხის მოგვარებაზე. იმედს ვიტოვებ ის ბიჭები მოლაპარაკებაზე წამოვლენ ისე , რომ არც თვითონ დაზარალდნენ და არც ჩვენ, უბრალოდ იმაში უნდა დაგვეხმარონ, რომ გადახდის ვადებმა გადაიწიოს.ახლა ვერანაირად ვერ ვასწრებთ .ამ გუნდში მხოლოდ პრობლემებია, პოზიტიური ის არის, რომ ბევრი ახალგაზრდა ფოთელი ფეხბურთელი თამაშობს აქ და მომავალი ფოთის “კოლხეთს“ აქვს. თუ ფინანსური პრობლემები მოგვარდა , რაშიც ყველა, მთელი ქალაქი უნდა ჩაერთოს, მაშინ შევინარჩუნებთ გუნდს და პერსპექტივაც ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ის ძველი შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო კლუბში , გამოვასწორო და რამდენად გამოვა, ვნახოთ,“- განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

ფოთის “კოლხეთი 1913“-ის დირექტორის პოსტს, ნიკო ჯაში იკავებდა. მან თანამდებობა ივნისის დასაწყისში დატოვა.

Comments
Loading...