ქობულეთლები განადგურებული თხილის მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ

ქობულეთის მუნიციოალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა დღეს აჭარის მთავრობასთან შეიკრიბა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით თხილის მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა, მავნებელი კი უხარისხო პესტიციდების წყალობით გამრავლდა.

"ძალიან მძიმე დღეში ვართ, მოსავლის 10%-ც კი არ ვარგა გასაყიდად. რაც ვარგა ისიც ძალიან იაფი ღირს, შემოსავალი კი არა, დანახარჯებსაც ვერ გავასწორებთ, უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი რა გველოდება“- განაცხადა აქციის ერთერთი მონაწილემ.

აქციას "ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდა. ოპოზიცია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ხარისხიანი მოსავალი, რის გამოც ვალდებულია კომპენსაციის სახით კილოგრამ თხილზე 2 ლარი გადაუხადოს.

აქციის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. :„თხილის მასიური გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება ადრე გაზაფხულიდან. თხილის გაფუჭება მთლიანად ფაროსანას ბრალი არ არის, ფაროსანას გამოწვეული ზიანი მხოლოდ 11-12 % ფარგლებში მერყეობს. სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის და მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი ღონისძიება იქნა განხორციელებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარიგდა სპეციალური პესტიციდები. მნიშვნელოვანია მათი ინსტრუქციის მიხედვით მოხმარება, ისევე როგორც აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროსერვის ცენტრთან ერთად გააგრძელებს ფერემრების დახმარებას, მათ შორის თხილის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით“ – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

Comments
Loading...