ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში გაკვეთილის დროს ჭერი ჩამოინგრა

შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმ საკლასო ოთახში მოხდა, სადაც გაკვეთილი პირველ კლასელებს უტარდებოდათ.

სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, დირექტორისთვის უცნობია.

“საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და მიმდინარეობს გამოძიება. შენობის პირველ სართულზე ჩამოინგრა ჭერი. აქამდე პირველ სართულზე ნგრევის შემთხვევა არ გვქონია,”- ამბობს სკოლის დირექტორი.

“რაც რემონტი გაკეთდა, მას შემდეგ ხდება სკოლაში უბედური შემთხვევები. ყველაზე იაფი მასალით გააკეთეს რემონტი. ქარს აბრალებენ ჭერის ჩამოვარდნას. ბავშვებს ეშინიათ. ხშირად ისეთი მდგომარეობაა, მიწისძვრა გეგონება,”- ამბობს სკოლის პედაგოგი ნანული ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ქუთაისის მეორე სკოლაში, რომელიც ახლადრეაბილიტირებულია, ჭერის ჩამონგრევის ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.

Comments
Loading...