- Advertisement -

შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ „ლამპარში“ აღინიშნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „ლამპარის“ აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა.

მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ეს დღე ბავშვებს საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა, კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

სტუმრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სტუმრებს შორის პატარებისთვის ყველაზე საყვარელი მულტფილმის პერსონაჟებიც იყვნენ. ნათია ჭელიძემ მიკი და მინი მაუსთან ერთად ბავშვებისთვის კოსტიუმირებული შოუ საკუთარი ინიციატივით, უსასყიდლოდ მოაწყო.

„ჩვენ ,,ლამპარს” ხშირად ვსტუმრობთ. აქ ხომ განსაკუთრებული ბავშვები გველიან.. დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ როგორი ნიჭიერები არიან ისინი, როგორ მღერიან და ცეკვავენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ისეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე, როგორებიც თავად არიან. მადლობა მათ პედაგოგებს ყველაფრისთვის. ჩვენ კი, ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით,” აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.

Comments
Loading...