“ძლივს ვშოულობთ დღეში 5 ლარს და ამასაც გვიკრძალავენ” – ზუგდიდში ტაქსის მძღოლებმა შესაძლოა აქციები დაიწყონ

ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მომუშავე სამარშუტო ტაქსის მძღოლები ტრანსპორტის სამსახურის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ. მათი თქმით, დღეს დილით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დავით ხუბუა მივიდა და ტაქსის საგზაო ნიშანი ჩამოხსნა.

„გვითხრა ხუბუამ, რომ ზემოდან მაქვსო დავალება, აქ არ შეიძლებაო ტაქსების დაყენება. ვერ გავიგე, რა ვქნათ, ჩვენ ჭამა არ გვინდა? ძლივს ვშოულობთ დღეში 5 ლარს და ამასაც გვიკრძალავენ. ჩვენს უკან მშიერი ხალხი დგას, ოჯახები დგანან, ავდგებით და გზას გადავკეტავთ“- განაცხადა ტაქსის მძღოლმა ელგუჯა გოგოხიამ.

ადგილზე 30-მდე ტაქსის მძღოლია შეკრებილი, მათი თქმით, დაბარებულები არიან მერიაში. ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დათო ხუბუა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს, მისი თქმით, ტაქსის საგზაო ნიშანი მას არ ჩამოუხსნია.

“ მე რა შუაში ვარ, მიმართეთ პრესსამსახურს, მერთან არიან დაბარებული 4 საათზე და იქ გაირკვევა ყველაფერი“- განაცხადა დათო ხუბუამ.

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ დათმობაზე არ წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

Comments
Loading...