წარმატებული პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 2017-2019 წლების განმავლობაში მიმდინარეობს პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით 2017-2018 წლებში სხვადასხვა პერიოდში გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლები ქვემო სილეზიის რეგიონში, სსიპ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის“ და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტები ქვემო სილეზიის რეგიონში, პოლონურ ანსამბლ ჰეიშოვინასთან ერთად ერთობლივი კონცერტები ქ. ბათუმში, ხულოსა და ქედაში, განხორციელდა პოლონური გადამღები ჯგუფის მიერ დოკუმენტური ფილმისა და რეპორტაჟის გადაღება აჭარის რეგიონში, ასევე, საპასუხო ვიზიტი პოლონეთში და ქვემო სილეზიის რეგიონის შესახებ რეპორტაჟის/დოკუმენტური ფილმის მომზადება აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლების მიერ, პოლონურ-ქართული კულტურის ფოტო-ფესტივალი სახელწოდებით „ფოტოგრაფიული მოგზაურობა“.

2018 წელს პოლონურმა აკრობატულმა თეატრმა ბათუმის საზაფხულო თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“, ხოლო ოქტომბერში ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი უილიამ შექსპირის „მაკბეტით“ წარსდგა პოლონელი მაყურებლის წინაშე ქ. ვროცლავში. შედგა ქუჩის მხატვრობის პროექტი, რომელშიც ოთხი პოლონელი და ოთხი ადგილობრივი მხატვარი მონაწილეობდა, მოიხატა საზღვაო აკადემიის მიმდებარე კედელი და ზოოპარკის კედელი.

პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში წელს გაიმართა პოლონური ფოლკლორული ანსამბლის „Piastuny“ გასტროლი ბათუმში. ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო XII საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში. ქვემო სილეზიის რეგიონი მიმდინარე წლის 15 მაისიდან 25 მაისამდე უმასპინძლებს სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმს“.ასევე, უახლეს პერიოდში გასტროლზე გაემგზავრება აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“.

ივლისის თვეში გაიმართება ფოტოგამოფენები თანამედროვე ხელოვნების სივრცისა და ვროცლავის გალერეის თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სახელოვნებო პროექტების განხორციელებაზე წლის განმავლობაში, როგორც გასულ წლებში ასევე, წელსაც შეიქმნება ფესტივალის 2019 წლის ედიციის ამსახველი ვიდეორეპორტაჟი.

განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ქართული და პოლონური კულტურის დაახლოებასა და პოპულარიზაციას, კულტურული ღირებულებების, ასევე სახელოვნებო საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაცვლას.

ასევე, ხელს უწყობს რეგიონში სახელოვნებო აქტივობების სტიმულირებას და დადებითად აისახება აჭარისადმი საერთაშორისო ინტერესების გაზრდასა და გლობალურ სახელოვნებო პროცესებში ინტეგრაციაზე.

Comments
Loading...