- Advertisement -

წყალტუბოს მერიაში მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის განხილვა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2020-2023 წლები) განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა, გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები: გიორგი ნასრაშვილი და ნინო კაკუბავა დაესწრნენ.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხ კანკაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა, განიხილა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები, ისაუბრა მუნიციპალიტეტის საერთო ხედვისა და სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბების პროცესზე, რომელშიც ჩართულია როგორც საჯარო სექტორი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა.

სოციალური მიმართულებით გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი პროგრამების შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ გააკეთა განმარტებები, ხოლო 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის ძირითადი ასპექტები შეკრებილებს საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ფატი გაგოშიძემ გააცნო.

მუნიციპალიტეტში საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის 2020-2023 წლების მომზადებისთვის პასუხიმგებელი სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ გადაუხადა, მანვე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებაზე არსებით გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივა, რომელიც კურორტში არსებული სანატორიუმებისა და აბაზანების რეაბილიტაციასა და საკურორტო ზონის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავება მოხდა პროექტის “ადგილობრივი მონაწილეობითი განვითარება“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით.

Comments
Loading...