- Advertisement -

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, განცხადებას ავრცელებს

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე 2018 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი წელია ხარაგაულელებისთვის.

"იწყება საუკუნის მშენებლობა — ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათლეთის ცენტრალური გზის, 50 კმ.- იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია. 

გაცნობებთ, რომ გზის პირველი ლოტის ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კმ. -იანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს ხარაგაულში ტექნიკის მობილიზებას და მინი საწარმოების განთავსებას სხვადასხვა ლოკაციებზე. 

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაივლის თუ არა ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზა დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, თავს ვალდებულად ვთვლი გიპასუხოთ და ამ დროისთვის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. 

ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ორივე მხარეს შორის შედგა არაერთი შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილებოდა ყველა ის კონცეფცია, რომელიც გზის მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დაიცავს უსაფრთხოების ზომებს და ამასთანავე, მოსახლეობის ინტერესებს! 

ჩვენ მიერ საავტომობილო დეპარტამენტში გაგზავნილი ოფიციალური წერილის საფუძველზე, 3 თვის წინ, დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ წარმომადგენლები და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შეიძლება მოეწყოს დაბის ცენტრალური გზის ალტერნატიული მონაკვეთი. 

ჩვენც, თქვენთან ერთად, ვართ კატეგორიულები და ვფიქრობთ, რომ დაბაში არსებული ვიწრო ქუჩების, ცენტრალურ გზაზე მდებარე ორი საჯარო სკოლის და მოძველებული შენობების ფონზე, დაბის ტერიტორიაზე ავტომობილების ინტენსიური მოძრაობა დიდ პრობლემებს შეგვიქმნის.

გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ იქნება საუბარი და ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება საერთო ინტერესებთან მიახლოებული. 

აქვე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს რაიონს და ასეულობით ოჯახს გაუჩენს დამატებით შემოსავალს. ეს არის პროექტი, რომელიც მოაწესრიგებს სატრანსპორტო სისტემას, საფუძველს დაუდებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას და სტრატეგიულად მომგებიანად დაალაგებს ტურიზმის მიმართულებას. რაც ყველაზე მთავარია ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას, მცირე ბიზნესის განვითარებას და სოფლად ოჯახების დამაგრებას", – აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...