ხვალიდან, ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების სამუშაოები დაიწყება

ქუთაისის მერი ბერი თევდორეს ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ხვალ დილიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები და უახლოეს მომავალში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ასევე მოწესრიგდება გზის საფარიც.

“ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია “ეს ემ კა” ჩვენთან ერთად ატარებს სამუშაოებს, მათ შეჩერებული ჰქონდათ რეაბილიტაციის პროცესი რის გამოც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. “ეს ემ კა”-ს წარმომადგენლები დავიბარეთ და შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება, რათა დროულად დასრულდეს და ჩაბარდეს აღნიშნული ქუჩა”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის წყალმომარაგების სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსი. მალხაზ გუნიავას განმარტებით, ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის 70 პროცენტი უკვე მოწყობილია და დასრულებამდე 100 მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი.

“აღნიშნულ ქუჩაზე გადამყვანი სამუშაოების შესრულებაა დარჩენილი. ხვალ შემოვა კონტრაქტორი ფირმა “ეს ემ კა” და მოაწყობს გადამყვანებს . ბოლო ეტაპი იქნება ლაბორატორიული ანალიზი და ტესტირების სამუშაოები. უახლოეს დღეებში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა”- განაცხადა მალხაზ გუნიავამ.

Comments
Loading...