- Advertisement -

ხის ოსტატი თელავიდან – 78 წლის ზელიმხან აბრამიშვილის უნიკალური ჩუქურთმები (ფოტორეპორტაჟი)

“აიპრესი” თელაველ ხის ოსტატზე,78 წლის ზელიმხან აბრამიშვილზე გიამბობთ… ჩვენი რესპონდენტის თქმით, ხეზე მუშაობის ტექნოლოგიით ბავშვობაში დაინტერესდა, ვინაიდან მამა ხის ოსტატი ჰყავდა და საკმაოდ დიდ დროს ატარებდა საამქროში, უყურებდა როგორ იქმნებოდა ულამაზესი ხის ნაკეთობები.

გვიყვება, რომ როდესაც 3 წლის გახდა,მამამ პატარა ნაჯახი გამოუთალა და შეიძლება ითქვას, ხეზე მუშაობის მრავალწლიანმა ისტორიამაც სწორედ იქიდან აიღო სტარტი.

– შეიძლება ითქვას, რომ ხეზე მუშაობა ფეხის ადგმისთანავე დავიწყე, ძალიან მიყვარს იუმორი და ამ საკითხზე ხშირად ვხუმრობ ხოლმე (იცინის). 79-ე წელში ვარ და ბავშვობიდან ამ საქმით ვარ დაკავებული.

უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ საკითხს, ჩემი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი. პაპაჩემიც ხის ოსტატი იყო, მამაჩემიც ხეზე მუშაობდა და მათი საქმიანობის გამგრძელებელი ვარ, ჩემი შვილიც ხელოსანია.

მამაჩემისგან მაქვს ყველაფერი ნასწავლი, თუ რამე ვიცი. სახლთან ახლოს სახელოსნო გვქონდა და დღის უმეტეს ნაწილს, მამასთან ერთად ვატარებდი ხოლმე,ვუყურებდი როგორ მუშაობდა,როგორ უდგამდა სულს ხეს.

მახსოვს, როდესაც სამი წლის გავხდი, მამამ პატარა საბავშვო ნაჯახი გამიკეთა და მას შემდეგ დავდიოდი ნაჯახით და ხან რას გამოვჩორკნიდი ხოლმე და ხან რას (იცინის). მაგრამ მამაჩემის დროს ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა სხვანაირად არის.

– რას გულისხმობთ?

– აი, რას და გემოვნებაც გაიზარდა, არჩევანის საშუალებაც დიდია. ადრე ძველ დროში რამდენიმე ხის ოსტატი თუ იყო, ახლა ყველას შეუძლია ამ საქმის კეთება,იმდენად განვითარდა ტექნიკა. 10-15 წლის წინ ჩვენი ხელობა თითქმის გადაშენების პირას იყო,მაგრამ დღეს ისეთი იარაღები შემოვიდა და ისე გაადვილდა ეს საქმე რომ გადაშენება კი არა, ყოველი მეათე და მეოცე კაცი უკვე ხელოსანია.

– რამდენად რთულია ხეზე მუშაობა, მაგალითად ჩიქურთმების შექმნა საკმაოდ შრომატევადი იქნება

– რთულია იმისთვის, ვინც არ იცის.აი,მაგალითად ხანდახან მოდიან ხოლმე ჩემთან,მთხოვენ შაბლონი მოგვეცი, ესკიზი გვათხოვეო, წაიღებენ, გააფუჭებენ, გადააგდებენ (იცინის). არც გამოსდით საქმე, ძალიან ბევრი იწყებს და ბოლოში ვერ გადის. რთული არაფერი არ არის, თუ კი იცი საქმე.

– ესკიზებს როგორ ქმნით?

– ჩემ საამქროს რომ ამშვენებს ეს ჩუქურთმა, ამის მსგავსს თელავში ვერსად ნახავთ, გარდა ერთ-ერთი სასტუმროს აივნისა, რომელიც ჩემი შექმნილია. ჩემი აივნები ამშვენებს როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე რამდენიმე სასტუმროს, რაც ძალიან მეამაყება.

ერთ ისტორიას გავიხსნებ ჩუქურთმებთან დაკავშირებით. აღარ მახსოვს ზუსტად რომელი წელი იყო, მძღოლად ვმუშაობდი მაშინ და ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი იყო ირაკლი ციციშვილი, კომუნისტების დროს, თბილისში ძალიან ბევრი საქმე იყო, მიმდინარეობდა რეაბილიტაციები, ხელით უხდებოდათ ხერხვა ხე მასალის ,რაც საკმაოდ რთული იყო.
სწორედ იმ პერიოდში მე თვითონ გავაკეთე თვითნაკეთი უზორების საჭრელი, რომელიც დღესაც მაქვს სახლში და შესანიშნავად მუშაობს დღემდე. თბილისიდან ჩამოჰქონდათ ხოლმე შეკვეთები, აქ ვუჭრიდი, მიჰქონდათ და მართავდნენ ხოლმე.
თელავში სტანოკი ერთ კაცს ჰქონდა ხოლმე და მეორე მე მქონდა 15 წლის ასაკში, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ბენზინის ძრავი მქონდა და ვმუშაობდი ასე.

– როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად მოთხოვნადია თქვენი ხელობა?

– ჩვენ მაგალითად შეკვეთებს არ ვუჩივით, მაგრამ მე უკვე 79-ე წელში ვარ, ადრე დღე და ღამე რომ ვმუშაობდი, აღარ შემიძლია ახლა ამდენი ფიზიკური დატვირთვა,დღეში 5 საათზე მეტს ვეღარ ვმუშაობ. კაი ხელოსანს, პირიანს, თუ მატყუარა არ არის,იმას კლიენტი არ დაელევა (იცინის).

– რას გრძნობთ, როდესაც თქვენს ნამუშევრებს უყურებთ. მაგალითად ქალაქში რომ გადიხართ და ხედავთ თქვენს მიერ მოჩუქურთმებული აივნებით დამშვენებულ სახლებს თუ სასტუმროებს.

– აი, რას ვგრძნობ და მე რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა,ეს არ გამიკეთებია. ეს არაფერიც არ არის იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შემიძლია,მაგრამ დრო არ მაქვს საკმარისი, კარგ და ხარისხიან ნამუშევარს დროც დიდი უნდა.

– რამდენად დაფასებულია თქვენი ხელობა და ის შრომა, რასაც თითოეულ ნამუშევარში დებთ?

– მაგალითად, კიბის გასაკეთებლად რომ მივდიოდი ხოლმე ვინმესთან და ფასებს მკითხვდნენ, ვეუბნებოდი: ამ კიბის გაკეთება 1000 დოლარადაც შეიძლება, 5000 დოლარადაც და 10 100 დორალარად მეთქი – ეგ როგორო (იცინის) როგორ და გააჩნია რა ხარისხისთ და გემოვნებით გაკეთდება მეთქი. წარსულში, ქალაქ მახაჭკალაში ერთ-ერთი ქარხნის დირექტორის ბინა მაქვს გაკეთებული, 15 000 დოლარი გადაიხადა კიბეში, აქ კი მსგავსს კიბეში 2 000 დოლარსაც არ იხდიან. ძალიან იაფია ჩვენთან ეს ხელობა,არ ფასდება სათანადოდ შრომა.

– მოჩუქურთმებული აივნის გაკეთებას დაახლოებით რა დრო სჭირდება ?

– გააჩნია რა სისწრაფით მუშაობ. მე მაგალითად, ერთ საშუალო კიბეს ერთ თვეში ვაკეთებდი, როცა სხვები ანალოგიურ სამუშაოს სამ და ოთხ თვეს ანდომებდნენ.

– სამომავლოდ თქვენი ხელობა რომ არ დაიკარგოს, რა არის ამისათვის საჭირო?

– საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, უკვე იმდენი ხელოსანია ვინც ხეზე მუშაობს, რომ არ დაიკარგება (იცინის). ისინი ძველებურად ხელით ვერ იმუშავებენ, მუშაობენ თანამედროვე იარაღებით. ახლა უკვე პროგრამული ,,სტანოკებია,, რომელსაც მხოლოდ პროგრამისტი სჭირდება, მისცემ ,,ზაკაზს,, ჩართავ საღამოს და დილით უკვე მზად დაგხვდება სასურველი ნამუშევარი.

აი ეხლა თუნდაც ეს მეტალოპლასტმასის რომ შემოვიდა,მე კი შეიძლება ვეღარ მოვესწრო, მაგრამ ათი წლის შემდეგ ამას მოხსნიან, გადაყრიან და ხეს გააკეთებენ ისევ.ეს არის საწამლავი, წამლავს ადამიანს, ხე პირველია მასალებს შორის, ჯანმრთელობისთვის

Comments
Loading...