ფოთის მერის პირველი მოადგილე: სახელმწიფოს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრი იქნება

„სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის, ჩვენ მას შევისწავლით საფუძვლიანად და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მივიღებთ“_ ასე გამოეხმაურა ფოთის მერის პირველი მოადგილე კოტე თოფურია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლენინ დარღვევებს.

ცნობისათვის, აუდიტის დოკუმენტში მითითებულია, რომ 2016 და 2017 წლებში ფოთის მერის მოადგილეებზე დანამატები არამიზნობრივად გაიცა. საუბარია ჯამში 13 700 ლარზე. დასკვნის მიხედვით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ შესრულდა, რაზეც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ უნდა გამოავლინდეს დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე უნდა მოხდეს ზემეტად გადახდილი თანხების ბიუჯეტში დაბრუნება.

კოტე თოფურიას განცხადებით, მალთაყვის სანაპიროს კეთილმოწყობის პროექტის საქმეს, რომელშიც 4,1 მილიონი ლარია დახარჯული, სასამართლო განიხილავს. მისი თქმით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტი მას არსებული ზარალის ანაზღაურებას ედავება:
„მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები საკმაოდ ხარვეზებით მიმდინარეობდა, რაც არაახალია ფოთელებისთვის. მიუხედავად ჩვენი არაერთი შენიშვნისა და მოწოდებისა, რომ მშენებლობის ხარისხი და ტემპი გამოსწორებულიყო, ასე არ მოხდა. შესაბამისად მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა კონტრაქტორ კომპანიასთან ურთიერთობა. ამჯერად სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და ველოდებით მის გადაწყვეტილებას.“

ქალაქში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. ხოლო მერის მოადგილეებზე გაცემულ დანამატებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ნებისმიერი უკანონო ქმედება _ სახელმწიფოს თანხების არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა, უმკაცრესად დაისჯება, რეაგირება იქნება მყისიერი და მკაცრი“. თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ ამბობს, მოუწევთ თუ არა ყოფილი მერის მოადგილეებს ბიუჯეტში 13 700 ლარის დაბრუნება.

ოპოზიცია, ფოთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგელობას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს,რადგან მათი მტკიცებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმების გარეშე არ ხდება.

,,ყველა საკრებულოს სხდომაზე ვამბობდი, რომ ეს იყო უხარისხოდ შესრულებული სამუაშოები. 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯამალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარებისთვის და ყველაფერი ისევ გასაკეთებელია.განათების ბოძებიც უკვე გამოსაცვლელია,ხომ შეიძლებოდა უჟანგავი ბოძები გაეკეთებინათ. სახელმწიფო აუდიტის სა,სამსახურის დასკვნაც ამას მეტყველებს, რომ უხარისხოდ შერულდა სამუშაოები. პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ცენტრალურ ხელიაუფლებას აკისრია, რადგან მის გარეშე ესენი ვერ ჩაისუნთქავენ და ვერც ამოისუნთქავენ, ყველაფერი მათთან შეთანხმებით კეთდება. თეატრი ჩქარ-ჩქარა ააშენეს და კი ხედავთ , ისევ სარეაბილიტაციოა.ამათი გაკეთებული ყველაფერი ხელახლაა გასაკეთებელი. ნიკო ნიკოლაძის კოშკი რომ გახსნეს , გამოვიდნენ და თავზე დაემხოთ ჭერი. ამიტომ ფულს ხარჯავენ, ფლანგავენ და მაინც ყველაფერი უხარისხოდ არის გაკეთებული,’- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგლობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

Comments
Loading...