- Advertisement -

2019 წელს გურიაში 112 მილიონი ლარის 143 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ბახვის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვარის მოსახლეობას, სოფელ ქვემო ბახვში გამართულ შეხვედრაზე, გურიის მხარეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019 წელს გურიაში დაგეგმილია 112 მილიონი ლარის ღირებულების 143 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აქედან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 47 მილიონი ლარის 62 პროექტია დაგეგმილი. პროექტები მოიცავს გზების მოწესრიგებას, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო თუ ტურისტურლი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

წყალმომარაგების პრობლემის მოწესრიგების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ბახვი, ცხემლისხიდი და ვაკიჯვარი) დაიწყება 9 მილიონის ღირებულების მასშტაბური წყალმომარაგების სისტემის პროექტი. ასევე, განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის, ანასეულის და ექადიის დასახლების წყლის სისტემისა და კანალიზაციის მშენებლობა, რაც დაფინანსდება 3 მილიონ 500 ათასი ლარით.

სოფელ შრომაში, ასკანაში, თხინვალსა და მერიაში აშენდება სკოლები. ქალაქ ოზურგეთში მოეწყობა საჩოგბურთო კორტები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ცენტრში მდებარე სტადიონს, დაბა ურეკში მოეწყობა ბულვარი და დაიწყება სოფელ ასკანას ციხის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ოზურგეთში 1905 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ ისტორიულ მუზეუმს. 27 სოფელში მოეწყობა ამბულატორია და მუნიციპალიტეტისათვის დამატებით სამბრიგადიანი სასწრაფო დახმარების ცენტრი აშენდება.

ნატანდამჭერი მოეწყობა მდინარე სუფსასა და მდინარე ჩოლოქზე, ხოლო ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება მდინარე ნატანებზე სოფლებში – დვაბზუსა და გურიანთაში, მდინარე აჭისწყალზე – სოფელ ლიხაურში.
2019 წელს ასევე დასრულდება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება 21 მილიონი ლარი. 28 ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა სასოფლო გზებს, მოეწყობა სანიაღვრე არხები, სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის (ჭალას) სასაფლაომდე მისასვლელ გზას და სოფელ გაღმა დვაბზუ-ბახვის დამაკავშირებელი გზას ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა.

ვიცე-პრემიერმა მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და უპასუხა მათ კითხვებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Comments
Loading...