- Advertisement -

25 სექტემბერს დმანისში, სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” პრეზენტაცია გაიმართება

25 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” პრეზენტაცია გაიმართება. სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნეში შვეიცარელებს 33 ყველის საწარმო და ასევე შვეიცარიული სკოლაც ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებისა და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარ პარტნიორად შეირჩა შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა – პლანტაჰოფი. პლანტაჰოფი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 3 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.

სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.

პროექტის ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც უკვე 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კოლეჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან. ასევე, დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით, აქტიური მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან.

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია”-ში სასწავლო პროცესი 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.
კოლეჯის გრძელვადიანი მიზანია 10 წლის შემდეგ 100 ძლიერი პროფესიონალი ფერმერი გაუზარდოს საქართველოს.

Comments
Loading...