- Advertisement -

79 წლის ფოთელმა პედაგოგმა სახელმწიფოს ჯილდოზე უარი თქვა და გამოცდაზე 10 ქულა მიიღო

ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ, საპენიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთის სახელმწიფოს, მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება _ 10 ქულა მიიღო. ცნობისათვის, განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედით,თუ ღვაწლმოსილი პედაგოგი, უარს იტყვის პროფესულ საქმიანობაზე, მას ორი წლის ჯამური ხელფასი ერთდროულად გადაეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისი გამოცდა უნდა გაიაროს.

ქალბატონი ნატრული პედაგოგიურ მოღაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწალებელია. ამჯერად 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ქალბატონი ნატრული „აიპრესთან“ გულახდილად ჰყვება რატომ ვერ შეელია სკოლას. ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს _ მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

მოგვიყევით, რატომ თქვით უარი განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ჯილდოზე და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გაგეგრძელებინათ პედაგოგიური მოღვაწეობა?

საკმაოდ მაცდუნებელი შემოთავაზებაა განათლების სამინისტროს ჯილდო! ლოგიკურად თუ ვიმსჯელებ, მე, სამოცდათვრამეტ წელს გადაბიჯებულმა, შეიძლება ორი წელი ვერც ვიცოცხლო ან შევძლებ კი ორ სასწავლო წელს მუშაობას? ალბათ, უნდა დავთანხმებულიყავი?! მაგრამ… მაქვს მიზეზები გამეგრძელებინა პედაგოგიური მოღვაწეობა: I. ქალბატონმა თინა ჭოჭუამ, ჩემმა სათაყვანებელმა ქიმიის მასწავლებელმა, ფოთის პირველი სკოლის ქიმიის უნიკალური კაბინეტ-ლაბორატორიის შემქმნელმა, სიცოცხლის ბოლოს დამიბარა: ,,არ გაწირო და არ დატოვო ლაბორატორია’’. მაშინ უპასუხოდ დავტოვე თინა მასწავლებელი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, დაკრძალვის დღეს დავდე პირობა – ვიდრე ფეხზე ვდგავარ არ გავწირავ და არ დავტოვებ ლაბორატორიას.
II. კიდევ მაქვს საოცნებო გეგმა – ლაბორატორიის ძველი ინვენტარის შეცვლა თანამედროვე ლამაზი დიზაინის ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს ქიმიის ლაბორატორიაში არსებული სხვადასხვა სახის ასობით თვითნაკეთი და ქარხნული წარმოების ხელსაწყოების წარმოჩენას უფრო თვალსაჩინოდ და ესთეტიკურად. სკოლას ფინანსურად ამის შესაძლებლობა არა აქვს. ამიტომ, წლებია დავეძებ სპონსორს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იმედს არ ვკარგავ, ალბათ, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი, რომელიც ჩემს ოცნებას ფრთებს შეასხამს.

როგორ გახდით ქიმიკოსი, რა ფაქტორმა განაპირობა ეს არჩევანი?

როგორც აღვნიშნე, თინა მასწავლებელი იყო ჩემი ქიმიის მასწავლებელი, VIII, IX, X კლასებში, სამი წელი, ვიყავი ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის ქიმიის წრის წევრი. გამიმართლა, რომ ქიმიის წრესაც თინა მასწავლებელი ხელმძღვანელობდა, მის მიერ შექმნილი ქიმიის ლაბორატორია, რომელიც ჩემი მოსწავლეობის პერიოდშიც საუკეთესო იყო, ანუ სრულყოფილი სასწავლო გარემო, გახდა ჩემი მომავალი პროფესიის განმსაზღვრელი.

გაგვანდეთ თქვენი წარმატების ფორმულა…

შრომისა და დასვენების უნარები, სიახლეების ძიების წყურვილი.

თქვენი აზრით, რა თვისებით უნდა გამოირჩეოდეს მასწავლებელი, რომელიც სრულფასოვან განათლებას მისცემს მოსწავლეს?

მასწავლებელი, რომელიც სრულფასოვან განათლებას მისცემს მოსწავლეს, თავად უნდა იყოს სრულყოფილი – საკუთარ თავში უნდა აერთიანებდეს საქმის და მოსწავლეების სიყვარულს.

თქვენ როგორი მეთოდი გაქვთ არჩეული მოსწავლეებთან ურთიერთობის, მკაცრი ხართ თუ პირიქით ლმობიერი?

მოსწავლეებთან ურთიერთობაში არც ძალიან მკაცრი ვარ და არც ლმობიერი, მიჭირავს „ოქროს შუალედი“.

არანაკლებ მნიშვნელოვანი და ალბათ უფრო რთულია მშობლებლებთან ურთიერთობა, რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებთ?

მშობლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით არაფერი მახსენდება დადებითის, მშობელთა მადლიერების გამოხატულებების გარდა.

როგორ შეაფასებთ, ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმებს, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დააკონკრეტეთ?

განათლების სისტემაში გატარებული მრავალი ცვლილების ანუ რეფორმის მომსწრე ვარ. ზოგი რეფორმა დაუმთავრებლად იცვლებოდა ახლით, რაც ცხადია უარყოფით გავლენას ახდენდა. ნებისმიერ ცვლილებას აქვს მიზანი, რომელსაც განსაზღვრულ შედეგამდე მივყავართ. ამჟამად პროექტის ,,ახალი სკოლის მოდელი’’ პილოტირება ხორციელდება ჩვენს სკოლაში. ცვლილების მიზნის მიღწევისა და შედეგის მიხედვით იქნება შესაძლებელი მისი შეფასება.

რა რჩევას მისცემთ დამწყებ პედაგოგებს?

დაწყებ პედაგოგს ვურჩევ იყოს ტაქტიანი, გულწრფელი და შემწყნარებელი, რაც მთავარია, მუდმივად ისწავლოს! არ დაივიწყოს: ,,თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა’’_ ჯონ კოტონ დანა.

Comments
Loading...